გუდაურში მდებარე კაფე-ბარის „ქუბის“ დამფუძნებელი, ნინო ხაჟომია BM.GE-სთან ზამთრის სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაახლოებით 85%-იანი დატვირთვით მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ობიექტში ფასები კორექტირდება ყოველწლიურად ხდება.
„ძალიან დატვირთულია სეზონი. დაახლოებით 85%-ით ვართ დატვირთულები. რაც არ უნდა საოცრება იყოს, წელს კურორტზე ძალიან ბევრი პოლონელი, ძალიან ბევრი ავსტრალიელი და ავსტრიელი სტუმარია. ასევე, ყაზახები არიან იმდენი, რომ ამდენი მხოლოდ კოვიდამდე მყავდა ნანახი.
ალბათ 17 იანვრის შემდეგ ტურისტების შემცირება მოსალოდნელია და თებერვალი და მარტი ყოველთვის ძალიან აქტიური იყო. განსაკუთრებით თებერვალი. იმიტომ, რომ თებერვალში უკვე ძალიან ბევრი ებრაელები შემოდიან. ეს გუდაურისთვის და მსოფლიოში ყველა მთის კურორტისთვის დამახასიათებელია“, – ამბობს ხაჟომია.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, გუდაურში არსებული ფასების შესახებ ნინო ხაჟომია ამბობს, რომ მათ ობიექტში ფასების კორექტირება ყოველწლიურად ხდება და მისი ზრდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ინფლაციის მაჩვენებლებზეა დამოკიდებული.
„ფასების კორექტირება ყოველ წელს ხდება, რა თქმა უნდა, რადგან ჩვენც ინფლაციას მივყვებით, რადგან ჩვენ ხომ ჩვენი მეურნეობები არ გვაქვს. ვყიდულობთ პროდუქტს და ვყიდით. ინფლაციიდან გამომდინარე, ჩვენც მივყვებით იმ მდგომარეობას, რაც არის ქვეყანაში “, – განაცხადა მან.
ნინო ხაჟომია ბიზნესის გაფართოებას ამ ეტაპზე არ ფიქრობს. მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გუდაური 4 სეზონის კურორტად გადაიქცევა.
„იმიტომ, რომ გუდაური სეზონურია, ბიზნესის გაფართოება და გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აქტივობებს გაატარებს სახელმწიფო და მთის კურორტების მენეჯმენტი, რომ გუდაური გადაიქცეს 4 სეზონის კურორტად. როდესაც 4 სეზონის კურორტად გადაიქცევა, მაშინ შეიძლება გაფართოებაზეც და რეინვესტირებაზეც ფიქრი.
მე ინფრასტრუქტურა ნაკლებად მეხება, რადგან მთაზე ვარ და ჩემთან მხოლოდ საბაგიროთი თუ მოვლენ და საბაგიროების ინფრასტრუქტურა კარგად ფუნქციონირებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარება ყოველთვის დადებითად აისახება ბიზნეს აქტივობაზე და რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურა გაკეთდება, მით უფრო უკეთესი. მეტ ინვესტიციებს მოიზიდავს“, – ამბობს კაფე-ბარის „ქუბის“ დამფუძნებელი.