რუსეთის მიერ მარცვლეულზე დაწესებულმა საექსპორტო გადასახადმა კვერცხისა და ქათმის ხორცის ფასების ზრდა გამოიწვია. მწარმოებლებს იანვრიდან საკვები კომპონენტების შეძენა გაზრდილი ფასების პირობებში უწევთ. „კოდას” გენერალური დირექტორი ,,კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ სიმინდის ფასმა წლის დასაწყისიდან მოყოლებული დაახლოებით 30 თეთრით მოიმატა. გაძვირება შეეხო სხვა საკვებ პროდუქტებსაც. კომპანია იძულებული გახდა პროდუქცია 6%-ით გაეძვირებინა. ზურაბ ჭუჭულაშვილი განმარტავს, რომ ,,კოდა“ შეეცდება დღეს არსებული ფასი უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეინარჩუნოს და პროდუქცია კიდევ არ გააძვიროს.
,,1 იანვრიდან მოყოლებული დაახლოებით 30 თეთრით არის გაძვირებული სიმინდი. იანვრის დასაწყისში ეს ფასები რომ ვნახეთ დაახლოებით 6%-ით გავაძვირეთ პროდუქცია. ამის შემდეგ აღარ გაგვიძვირებია, თუმცა საკვები კომპონენტები კიდევ გაძვირდა. არა მარტო ხორბალი, მზესუმზირას ზეთი, მზესუმზირას შოტი, სოიოს შოტი, ხორბალი ყველაფერი გაძვირდა. თუმცა, მარჟის შემცირების ხარჯზე ვცდილობთ, რომ მოსახლეობას მეტად არ გავუძვიროთ პროდუქცია. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და კიდევ ძალიან დიდი რყევები არ იქნება საკვებ კომპონენტების ბაზარზე, ვეცდებით რომ მინიმუმ 6 თვე ჩვენი პროდუქცია არ გაძვირდეს და ის ფასი შევინარჩუნოთ, რაც დღეს გვაქვს.”- აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
„კოდას” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მწარმოებლები ძირითადად რუსეთიდან შემოტანილ საკვებ პროდუქტებს მოიხმარენ. ზურაბ ჭუჭულაშვილს მოლოდინი აქვს, რომ ფასები კიდევ გაიზრდება. თუმცა იმედოვნებს, რომ ახალი მოსავლის მიღების შემდეგ ისინი ისევ გაიაფებულ ფასში შეძლებენ საკვების შეძენას. არსებულ ფასს კომპანია სწორედ ამ პერსპექტივის იმედით ინარჩუნებს.
,,მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადი დაადგინა რუსეთმა. ეს არის პროდუქტის გაძვირების პირდაპირი მიზეზი. როგორც იცით, ლომის წილი მოხმარებულ ხორბალსა და სიმინდში რუსეთიდან შემოტანილია. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ კიდევ შეიძლება გაძვირდეს. გაძვირების ტენდენცია იქნება მანამდე, სანამ ახალი მოსავალი არ დაიწყება. იმის იმედით და იმ პერსპექტივით, რომ ახალ მოსავალზე დავუბრუნდებით შედარებით იაფ პროდუქციას, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ გავაძვიროთ საბოლოო პროდუქცია. არც კვერცხი და არც ქათმის ხორცის პროდუქტი.”- აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
