“ნიუ იორკ თაიმსი” გორის საკრებულოს თავმჯდომარეს ტყუილში ამხელს. ბრალდებები, რომ ავტორიტეტულმა გამოცემამ დავით რაზმაძის ინტერვიუ დაამახინჯა, მალევე გაქარწყლდა. “ნიუ იორკ თაიმსის” რედაქციიდან “ტვ პირველმა” საპასუხო წერილი მიიღო – ამერიკულ გამოცემაში აცხადებენ, რომ გორელი საჯარო მოხელის განცხადებები მკითხველამდე სიტყვა-სიტყვით, ზუსტი ციტირებებით მიიტანესს.
ამ პასუხით დასტურდება, რომ დავით რაზმაძემ რუს ოკუპანტებს “მშვიდობისმყოფელები”, ქართველ სამხედროებს კი “მოროდიორები” ნამდვილად უწოდა.
ამერიკიდან მხილების შემდეგ დავინტერესდით, როგორი იქნებოდა პასუხის პასუხი, თუმცა გორის საკრებულოს თავმჯდომარე გამქრალია. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გორელი ჩინოვნიკის დაცვა კი საკუთარ თავზე დღეს დავით მათიკაშვილმა აიღო. “ოცნების” დეპუტატი თან ამტკიცებს, რომ სტატია არ წაუკითხავს და თან ამტკიცებს, რომ წაუკითხავი სტატია შეკვეთილია.
“ქართული ოცნება” გორის საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის დასჯას არ აპირებს. სავარაუდოდ, მას თანამდებობასაც ბოლომდე შეუნარჩუნებენ. რაზმაძის განცხადებაში მათთვის სკანდალური არაფერია. მისი თანაგუნდელების მსგავსად, საქართველოს ომის დაწყებას დღეს დეპუტატი მათიკაშვილიც აბრალებდა და “ოცნების” დეპუტატმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების კრემლისეული ვერსია შემოგვთავაზა.