სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გარეგინ II-ს და მღვდელმსახურებს ბრალდებებს უყენებს – “წმინდა ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყონებლივ უნდა გაეცეს”– დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
ფაშინიანის თქმით, “ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენ მღვდელს ჰყავს ოჯახი, ვინც უნდა იცავდეს დაუქორწინებლობის/უბიწოების აღთქმას. ასევე განაცხადა, რომ სომხეთის კათოლიკოსის არჩევისას სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა.
· ამ საკითხზე ფაშინიანი 30 მაისიდან მოყოლებული Facebook-ზე არაერთ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ყველა სასულიერო პირმა, რომელიც დაარღვევს აღთქმას, უნდა დატოვოს საეკლესიო სამსახური.
2025 წლის 2 ივნისს, ეჩმიაძინში, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის თავმჯდომარეობით, უმაღლესი სულიერი საბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც NEWS.am წერს, სხდომაზე “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამარცხვინო ანტიეკლესიურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წამოიწყო”.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაიწყო მორიგი კამპანია სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ, ისეთ ლექსიკასა და ბრალდებებზე დაყრდნობით, რაც შეუფერებელია სახელმწიფო მოღვაწისთვის. გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც სავსეა უწმაწური სიტყვებით, ეწინააღმდეგება ელემენტარულ ზრდილობის ნორმებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. ამგვარი დამოკიდებულება აშკარად არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს სომხეთის ეკლესიისა და მის სულიერ მოღვაწეთა ავტორიტეტის შერყევას. ეს კამპანია ცდილობს ეკლესიის ხმის ჩახშობას და მისი საზოგადოებრივი გავლენის შემცირებას. პრემიერ-მინისტრის ანტიეკლესიური ქცევა და ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სომხურ სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ხალხის ერთობას – როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში.”- ნათქვამია გამოცემის ცნობით, უმაღლესი საულიერო საბჭოს განცხადებაში.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ეკლესიას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს ეჩმიაძინმა (საეკლესიო მმართველმა ორგანომ) პრემიერის გადადგომა მოითხოვა და მკაცრად გააკრიტიკა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო. (ტვპირველი)
