დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს, – ასე ფიქრობს “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. მისი შეფასებით, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე უკვე მე-16 დღეა აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.
“იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი. თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას – რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუსის განცხადებით. მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ, ე.წ. მთავრობას,” – ამბობს ხაზარაძე.
რამდენიმე წუთის წინ, ნაძვის ხე, რომელიც კახა კალაძეს უნდა აენთო, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით აინთო, რასაც ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. წამების შემდეგ ნაძვის ხე ისევ ჩააქრეს. უთანხმოება იყო აქციის მონაწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. მერიას ადგილზე გენერატორების შეტანა სურდა, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მანქანა ნაძვის ხემდე არ მიეშავთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს “ქართული ოცნება” ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილიც „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“. მან 13 დეკემბერს თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებას მალევე გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს “ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა” და “სრულად უსაფრთხო გარემოს” ჰპირდება.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ გასულ კვირას განმარტა, რომ “კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს. ”
ერთი კვირის წინ თბილისის მერმა საახალწლო გზავნილიც გააჟღერა.
“ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.