დააკავეს როდრიგო დუტერტე დიქტატორი მარია რესას წიგნიდან

ფილიპინების პოლიციამ დააკავა როდრიგო დუტერტე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის შესახებაც მოთხრობილია მარია რესას წიგნში: “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”.
ეს წიგნი საქართველოში ფართო მასებისთვის პოპულარული გახდა მას შემდეგ რაც მზია ამაღლობელი გამოჩნდა მასთან ერთად სასამართლოზე.
როდრიგო დუტერტეს დაპატიმრება მოითხოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ. მართალია ფილიპინებს ამ სასამართლოს წევრობა 2019 წლიდან დატოვებული აქვს, თუმცა სასამართლო აცხადებს, რომ დანაშაული იმ დროსაა ჩადენილი, როდესაც ქვეყანა მისი წევრი იყო და შესაბამისად მისი იურისდიქცია ამ ნაწილში ვალიდურია.
დუტერტეს ედავებიან, რომ მისი მმართველობისას (2016-2022 წლებში) ძალოვნებმა ათასობით ადამიანი მოკლეს “ნარკოტიკებთან ბრძოლის” კამპანიის ფარგლებში. აქტივისტების ცნობით, კლავდნენ ადამიანებს მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, სასამართლო გადაწყვეტილებისა და ჩხრეკის ორდერის გარეშე.
დუტერტეს ასევე ადანაშაულებენ პოლიტიკურ დევნაში ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. დამოუკიდებელი მედიასაშუალების, რაპლერის დამფუძნებელი მარია რესა ფილიპინებში სწორედ დუტერტეს მმართველობისას დააკავეს და არაერთი ბრლაი წარუდგინეს.
ჯერჯერობით უცნობია, გადასცემს თუ არა ფილიპინების ხელისუფლება დუტერტეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს.

ასევე დაგაინტერესებთ