ჩრდილოეთ ლონდონში პოლიციამ 24-საათიანი ძებნის შემდეგ 26 წლის კაილ კლიფორდი დააკავა, რომელიც 3 ადამიანის არბალეტით მკვლელობაშია ბრალდებული.
კლიფორდი პოლიციამ ჩრდილოეთ ლონდონში, ენფილდის რაიონში აიყვანა, ის ამჟამად ერთ-ერთ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებას იღებს. სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ რა დროს მიიღო თავდამსხმელმა დაზიანებები, თუმცა, მათი თქმით, კლიფორდის დაკავების დროს პოლიციას იარაღი არ გამოუყენებია.
ჰერტფორდშირის საგრაფოში პოლიცია სამშაბათს საღამოს გამოიძახეს, სადაც სამართალდამცველებს 3 მძიმედ დაშავებული ქალი დახვდათ, რომლებიც დაზიანებების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალნენ.
პოლიციის თავდაპირველი ცნობით, მოკლულები 25, 28 და 61 წლის ქალები იყვნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, დაღუპულები BBC-ის სპორტული კომენტატორის, ჯონ ჰანტის ცოლი და შვილები აღმოჩნდნენ.
სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, გარდაცვლილთა ოჯახს იცნობდა და ადგილი ჰქონდა განზრახ მკვლელობას. კლიფორდმა მკვლელობის იარაღად არბალეტი გამოიყენა, თუმცა, სავარაუდოდ, გამოყენებულია სხვა იარაღებიც.
