სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე – გ.ქ. დააკავეს.
საუბარია გიორგი ქემოკლიძეზე, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ციხეში მომხდარი ინიციდენტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობა დავით გოგოიბერიშვილთან ერთად დატოვა, რომლის გარდაცვალების შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი — გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, რომ გიორგი ქემოკლიძის დაკავება საპატიმროში გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
სუს-ის თანახმად:
“გ.ქ-მ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული 2 პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს.
ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად, გ.ქ.-მ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე, გიორგი ბაჩიაშვილმა წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ-სთან ურთიერთობა, რასაც მოჰყვა მათ შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირება.
აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც თავის მხრივ პირველ რიგში გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გ.ქ-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს.
საბოლოოდ – მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში. ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან გამოსაძიებლად სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოგვეცა”, – თქვეს სუს-ში.
სუს-ში აცხადებენ, რომ გიორგი ქემოკლიძეზე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
