დააკავეს მოქალაქე, რომელსაც დავით მათიკაშვილმა შეურაცხყოფის საფუძვლით უჩივლა

დააკავეს ლექსო სამხარაძე, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა შეურაცხყოფისთვის უჩივლა. თვითმხილველების ინფორმაციით, საკუთარ სახლთან დააკავეს.
სამხარაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოსი გუშინ, 13 ივნისს გაიმართა. თუმცა, სხდომას თავად სამხარაძე არ დასწრებია.
ამავე დღეს მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს მისი და სხდომის მდივნის საუბარი. სამხარაძე სასამართლოს წარმომადგენელს ეუბნება, რომ არ აპირებს სხდომაზე დასწრებას “იმიტომ, რომ მიტაცებული აქვს პარტიას და არ ვაპირებ იმ ყველაფერში, რაც არის”.
“სავარაუდოდ დამიჭერთ, ხო? საიდან მოხდება ჩემი დაკავება? როგორ ხდება, პროცედურა როგორაა – დადგენილება, რომ გამოვა ჩემი დაკავების, სად დამაკავებენ? გამომიძახებენ, მე უნდა მოვიდე, თუ როგორ უნდა მოხდეს?”, – ჰკითხა სამხარაძემ სხდომის მდივანს, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო.
როგორ ირკვევა, სხდომაზე მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, რის გამოც ის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს. ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა, რის გამოც მათიკაშვილმა სამხარაძეს უჩივლა 2 ივნისს მოხდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო თავად სამხარაძემ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ მათიკაშვილი თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი საკონდიტროში შედის. მის დანახვაზე სამხარაძე იწყებს ცნობილ საპროტესტო სიმღერას “ოლე, ოლა”. საპასუხოდ მათიკაშვილმა მას შეაგინა. როგორც სამხარაძე წერს, ინციდენტის შემდეგ მას მათიკაშვილი თანმხლებთან ერთად მანქანით აედევნა.