დაავადება, რომელიც მოსახლეობის 95 პროცენტს აწუხებს – როგორ ავირიდოთ თავიდან კარიესი?

რა გახსენდება კარიესის გაგონებისას პირველი? – მე კბილის ტკივილი, დღისით ნამცხვარი ჭამე და ისეთი არაფერი, მერე ნიგვზით ჩაიკოკლოზინე პირი და სულ ოდნავ წამოგტკივდა, გამოიხეხე, დაწექი დასაძინებლად და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, თუ როდესმე რამე გემრიელი ჭამე, ყველაფერს ნანობ, გაღიმებისაც გეშინია, და იწყებ ძებნას, სად გავარდე, რა დალიო, რა დაისხა, ვის მიადგე. პირველივე ნიშანი როცა შენიშნე და მაშინვე რომ არ გაიქეცი სტომატოლოგიურ კლინიკაში – ნანობ და დებ პირობას საკუთარ თავთან და სამყაროსთან, რომ შემდეგში, აუცილებლად, პირველივე ნიშანზე წახვალ ექიმთან. კი, კბილის ტკივილი ის ტკივილია, რომლისაც ყველას ეშინია განურჩევლად ასაკისა, სქესისას, კანის ფერის, თანამდებობისა, განურჩევლად იმისა, რამდენი ფული აქვს და რამდენი კბილი დარჩენილი.
გაგიკვირდება და, საუკუნეების წინ კარიესით ბევრად ნაკლები ადამიანი იტანჯებოდა, მაშინ, როცა მედიცინა ნაკლებად იყო განვითარებული და ჰიგიენის ამდენი საშუალება არ არსებობდა. როგორც კი გეტყვი, რომ როცა ადამიანმა ჭარხლისგან შაქრის მიღება ისწავლა და ტკბილეულზე „შეჯდა“, მას შემდეგ გაჩნდა კარიესის ნამდვილი ეპიდემია, გაიფიქრებ, აუ, ხოო, ამას ხომ მეც მივხვდებოდი.
გგონია ყველაფერი იცი კარიესზე?
მაშინ, ეს მასალა შენთვისაა, რადგან, გადაამოწმო, ნამდვილად ასეა, თუ არა.
კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც კბილის მაგარ ქსოვილებში წარმოქმნის მცირე ზომის ხვრელებს. პატარა რომ ვიყავი, კარიესი თაგვის პატარა ჯიში მეგონა, რომელიც კბილებში ცოცხლობდა და ნელ–ნელა ხრავდა მას, მეგონა, ამიტომაც უნდა გადამეგდო მომძვრალი სარძევე კიჭი ზურგსუკან სიტყვებით: – თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი – მე. გავიზარდე და გავიგე, თაგვი არაფერ შუაშია და პათოლოგიაა, რომელსაც გარკვეული მიზეზები იწვევს, ისიც გავიგე, რომ სარძევე კბილი უნდა „გამეყიდა“, ბალიშის ქვეშ უნდა დამედო და სანაცვლოდ ფული დაეხვედრებიათ.