„გ.დ. ალკომ“ „ალკორიუმის“ 90%-იანი წილი იყიდა – GCCA

„გ.დ. ალკომ” ალკოჰოლური სასმელების საცალო ქსელი “ალკორიუმის” (შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალი“ ) 90%-იანი წილი იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ავრცელებს.
სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზრის საცალო და დისტრიბუციის სექტორში განსახორციელებელ კონცენტრაციებზე თანხმობა უკვე გასცა.
“პირველი საკითხი ეხებოდა – შპს „გ.დ. ალკოს“ მიერ შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ 90%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ მაღალალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2024 წელს, მოქმედებდა 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 20 148 767.5 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) – 1275.48-ს. ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია. შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ საბაზრო წილი მცირეა, შესაბამისად, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელიც (ΔHHI = 1.04). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2024 წელს შეადგინა 7 736 172 745.45 ლარი. ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტის საბაზრო წილი – მცირე.
რაც შეეხება მეორე საკითხს – შპს „ბი ემ ესის“ მიერ შპს „ევროლაინის“ 67%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 7 000-მდე ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 690.98 ერთეულს. დისტრიბუციის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 85-მდე კომპანია. კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=457. ბაზრის ორივე დონე დაბალკონცენტრირებულია.
შესაბამისად, GCCA-ის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციების მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
ინფორმაციისთვის: GCCA-ის მიერ 2024 წელს განხორციელებული 52 593 კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან დაკავშირებით 14 საქმეზე შესაბამის პირებს ჯამურად – 288,400.02 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, 18 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. რაც შეეხება 2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 2 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარე რეჟიმშია,”-აღნიშნულია GCCA-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ 90%-იანი წილის მფლობელი შპს “ალკორითეილ გრუპ”-ია, 10%-ს კი რევაზ ფერაძე ფლობს. რაც შეეხება “გ.დ. ალკოს” – ბოლო ამონაწერით, კომპანიის 57% ეკუთვნის შპს „მანდალორ ლიმითიდს” (კვიპროსი), 18% – შპს „ალპფორდიო სერვისიზს” (კვიპროსი), 12% – შპს „არევაკო ინვესთმენთს ლიმითიდს” (კვიპროსი), 5-5% სიმონ ესართიას და ლევან ლანდიას, ხოლო 3% – დავით ალავიძეს, რომელიც კომპანიის დირექტორიც არის.