“[გუშინდელი] გაფიცვა საქართველოში პირველი იყო, რომელსაც სიმბოლური ხასიათი ჰქონდა” – ირაკლი ჟვანია

15 იანვარს ათობით კომპანიის თანამშრომლების გამაფრთხილებელ გაფიცვას და პროტესტის ამ ფორმის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე “ქუდოს ჯორჯიას” პარტნიორი და ეკონომისტი, ირაკლი ჟვანია აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაფიცვამ სიმბოლური ხასიათი შეიძინა.
“გაფიცვა, ამ შემთხვევაში, უნდა მივიჩნიოთ მოქალაქეების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვად. ამით ისინი თავიანთ სათქმელს ამბობენ, რაც სურთ, რომ მიიტანონ იმ ადამიანებამდე, ვინც ხალხს უნდა უსმენდეს. ასეთი ორგანიზებული გაფიცვა ბოლო პერიოდში, არ მახსენდება, დღეს ასეთი პირველი იყო, რომელსაც აქვს სიმბოლური ხასიათი. არის ბიზნესები და ორგანიზაციები, რომელთა სრული გაფიცვაც ვერ მოხდება, მათი შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა ეს უფრო მეტად სიმბოლური აქტია იმისთვის, რომ ადამიანებმა სათქმელის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას, ეს ფორმაც დაუმატონ”, – ამბობს “ქუდოს ჯორჯიას” პარტნიორი “ანალიტიკას” ეთერში.