გურჯაანში გასტრონომიული აკადემიის გახსნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, ესპანური გასტრონომიული კომპანიის Vocento Gastronomía გენერალურ დირექტორ ბენჯამინ ლანას და კომერციულ დირექტორ ლუის მარტის შეხვდა.
მინისტრის განცხადებით, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, იგეგმება გასტრონომიული აკადემიის გახსნა, სადაც კომპანიის Vocento Gastronomía გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
თავის მხრივ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ, აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„საქართველოს გასტრონომიული სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ქართულ გასტრონომიას აქვს თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არ მეორდება“, – განაცხადა ბენჯამინ ლანამ.
ცნობისთვის, ბენჯამინ ლანა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიონალია თანამედროვე ესპანურ გასტრონომიაში. მისი კომპანია – Vocento Gastronomía ორგანიზებას უწევს ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებებს, როგორიცაა Madrid Fusión, San Sebastián Gastronomika, Encuentro de los Mares, Worldcanic.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.