შემოდგომის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა ახლოვდება მეღვინეობის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ზუსტად 3 დღეში წელს, კახეთის მთავარ მოვლენას, გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი 11 ოქტომბერსუმასპინძლებს.
ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ეწყობა ტრადიციულად სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.
წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა – სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია.როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.
„ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას. 2024 წელს ფესტივალმა 400-ზე მეტი მონაწილე და 30,000-ზე მეტი სტუმარი მიიღო. აქ წარმოდგენილია, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ასევე, ევროპის საუკეთესო და IWSC wine judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები. გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. წელს, მოსულ სტუმრებს ასევე დახვდებათ ტრადიციული კერძების დიდოსტატები, ქართველი არტისტები და ფოლკლორული ანსამბლები, შეფ-მზარეულები, მასტერკლასები, საავტორო კერძები, ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციების წარმომადგენლები და გასართობი სივრცეები ყველა ასაკის წარმომადგენლებისთვის,“ – აღნიშნავს ფესტივალის ამბასადორი შოთა ნატროშვილი.
ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2025-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი – მეღვინეობა თელიანი ველი.
ფესტივალის სპონსორები: m², bოლერო, გურჯაანის ნაყინი, საქპატენტი, ბორჯომი, ბაკურიანი.
მხარდამჭერები: სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარების სააგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ფესტივალის პარტნიორები: IWSC და ჯეპრა
მასპინძელი: გურჯაანის მერია
ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, , travelnews.ge, რადიო უცნობი.