გურიის მხარეში სახელმწიგო რწმუნებული წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
წმინდა გაბრიელი (ქიქოძე) 1825 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში დაიბადა. მთელი ცხოვრება საქართველოში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, განათლების მხარდაჭერასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. განსაკუთრებულად მდიდარია მისი მოღვაწეობა ქართული ენის დაცვისა და ეროვნული ცნობიერების წინსვლის მიმართულებით. მის დროს აშენდა და აღდგა 200-ზე მეტი ტაძარი, ხოლო ქვეყანაში დაფუძნდა ასამდე სამრევლო სკოლა, ქალთა სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.
ღონისძიების ფარგლებში, ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში აღევლინა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.




