გურამ მაჭარაშვილი – შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის ისტორიული დოკუმენტი – დასკვნით დოკუმენტურად დასტურდება, რომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები პოლიტიკაში იყვნენ

ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი – დასკვნაში არ იქნება არც ერთი წინადადება, რომელიც არ იქნება გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნის შესაბამისად, დოკუმენტურად დადასტურდება, რომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები პოლიტიკაში იყვნენ.
„ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი. სამართლებრივი თვალსაზრისით იქნება ძალიან მაღალი ხარისხის. არც ერთი წინადადება არ იქნება დასკვნაში, რომელიც არ იქნება გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, მორიგ ჯერზე დადასტურდება დოკუმენტურად ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ისეთი პოლიტიკური რეჟიმი და პარტია, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ზოგადად, იყვნენ პოლიტიკაში. არა თუ ხელისუფლებაში, არამედ ზოგადად, პოლიტიკაში. ეს დასკვნა იძლევა ამის საშუალებას. პროცედურულად, ჩვენ ამ დასკვნას გადავცემთ ბიუროს, რომლის მეშვეობითაც უკვე სესიაზე იქნება განხილული ეს საკითხი. შესაბამისად, უკვე, ბუნებრივია, შემაჯამებელი სიტყვა იქნება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს – რა თქმა უნდა, ეს წინადადება რომ საკონსტიტუციო სარჩელით უნდა იქნას მიმართული სასამართლოსადმი და ამ დასკვნების საფუძველზე იქნას აკრძალული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არის ძალაში. თუმცა ეს არის უკვე არა კომისიის, არამედ საქართველოს პარლამენტის შესადგენი და გასაკეთებელი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნით სხდომას მართავს, სადაც დასკვნას დაამტკიცებენ.