გურამ მაჭარაშვილი – საქართველოს მოუნელებია კუბილიუსისნაირები და კიდევ სხვანაირები, რომლებიც პირდაპირ მტრობენ საქართველოს

გეოგრაფიულად ჩვენ იქ ვცხოვრობთ, სადაც ვცხოვრობთ! ჩვენ ვიქნებით და უკვე ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი! ხოლო თუკი ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს აიღებენ და ტერიტორიულად ევროკავშირში ჩადებენ, ძალიან ცდება – ევროპული ღირებულება გეოგრაფიული მდებარეობით არ განისაზღვრება! ევროპაში იყო ფაშიზმი და ის დაიგმო! ევროპაში იყვნენ დიქტატორები, მაგრამ ის დაიგმო, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, “მმართველი გუნდი მტკიცედ იდგება იქ, სადაც დგას, სადაც არის გამჭვირვალობა და სუვერენიტეტი“.
“მიდის პირდაპირი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ჰქონია ადგილი და საქართველო ამ მდგომარეობიდან ამოდიოდა ხოლმე.
მივმართავ ყველას, როგორც უცხოეთში, ასევე ქვეყნის შიგნით – საქართველო იყო, არის და იქნება! საქართველოს მოუნელებია კუბილიუსისნაირები და კიდევ სხვანაირები, რომლებიც პირდაპირ მტრობენ საქართველოს.
მსოფლიო ცივილიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და ზოგიერთი დაბოღმილი ევროპარლამენტარი თურმე არ სცნობს.
ჩვენ პრაგმატულად მშვიდად მივყვებით პროცესს, რასაც ჰქვია მშვიდობის შენარჩუნება, ევროატლანტიკურ სივრცეში მონაწილეობა.
დარწმუნებული ვარ, 2030-ში საქართველოს ევროკავშირში წევრობასაც ვნახავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა