გურამ მაჭარაშვილი – როცა შენ, ზვიად ქორიძე გამოდიხარ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს საქციელს უწონებ, ამას საზოგადოების რეაქცია მოჰყვება! – ვითომ მამა აბრამის ბატკანია და ქვეყნის წინაშე არაფერი დაუშავებია! ასე არ არის!

როცა შენ, ბატონი ზვიად ქორიძე საჯაროდ გამოდიხარ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს საქციელს უწონებ, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოების მხრიდან რეაქცია მოჰყვება! როცა ამბობ, რომ სახელმწიფო უნდა ჩამოიშალოს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი უნდა განხორციელდეს და პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო არავინ უნდა დაიჭირონ, ნება იბოძე და საზოგადოების რეაქცია აიტანე – ვითომ მამა აბრამის ბატკანია და ქვეყნის წინაშე არაფერი დაუშავებია! ასე არ არის! შენ იმ ახალგაზრდების იდეოლოგი ხარ, რომელიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეცდომაში შეგყავს – ეს არის შედეგი იმისა, რა შედეგიც დადგა! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა 14 იანვარს, ს სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა, რა დროსაც “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელ ზვიად ქორიძეს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ქორიძეზე საუბრისას მაჭარაშვილმა განაცხადა ისიც, რომ „ეს ხალხი ძალიან რბილად საუბრობს, თითქოს ლიბერალები არიან და მათ ვინმე თავს ესხმის“.
„რა ლიბერალებზეა საუბარი?! – იგივე ბატონი ქორიძე ახალგაზრდების ქცევას ამართლებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, პოლიციას ურტყამენ და დანით ხელში ეწინააღმდეგებიან, პარლამენტზე ახორციელებენ შტურმს, დეპუტატებს ემუქრებიან ტყვიით და ასე შემდეგ. როცა ამ ხალხს ამართლებ და მათ გვერდით დგახარ, როგორ გგონია, ვინ მოგიწონებს ამას?! – ამის მერე გამოვა მაამებლური თვალებით, თითქოს არაფერ შუაში არ არის! შუაში კი არა თავში ხარ, როცა ახალგაზრდებს ახალისებ და იქითკენ უბიძგებ, რომ პოლიციელი მოკლას, ხოლო მერე გამოხვალ და რა მოხდა თუ ჩამოდის სასტუმროს კიბიდან…
პირადი აზრის ქონაზე წინააღმდეგობას არავინ არავის გაუწევს, მაგრამ თუ პირადი აზრი გაქვს, იყავი სახლში ან ქუჩაში და შენი პირადი აზრი დააფიქსირე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ამავე დღეს, ამავე სასტუმროში გიორგი გახარიასთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, მაჭარაშვილის თქმით, გახარიამ პირადი პოლიტიკური მიზნების გამო და უცხოური ძალების სასარგებლოდ ქვეყანასა და საკუთარი გუნდის წევრებს უღალატა და მასთან დაპირისპირებაც ზუსტად აქედან გამომდინარეობს.
„ჩვენ საჯაროდ ვნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო – ეს არის სახეზე და ეს არის მოცემულობა. ეს არის სავარაუდო დანაშაული, რასაც პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა ჰქვია – ეს ჩვენ საჯაროდ დავინახეთ და იმედი გვაქვს, რომ უწყებები გაერკვევიან, რა პროცედურებია ჩასატარებელი ამ მიმართულებით.
გიორგი გახარია ყველაფერს საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აკეთებს. ის პოლიტიკური მიზნის გამო გახდა უცხოური ძალის წარმომადგენელი, ამიტომ დაუპირისპირდა საკუთარი გუნდის წევრებს, ამიტომ მოგვატყუა და გადაგვაგდო თავიდან ბოლომდე.
მან პირადი პოლიტიკური მიზნების გამო და უცხოური ძალების სასარგებლოდ ქვეყანასა და საკუთარი გუნდის წევრებს უღალატა. მასთან დაპირისპირებაც ზუსტად აქედან გამომდინარეობს. რა პირადი კონფლიქტი შეიძლება ჰქონდეს გახარიას და დიმიტრი სამხარაძეს? – საერთო ბიზნესი აქვთ თუ რაიმე საერთო საქმე ჰქონდათ.
დიმიტრი სამხარაძე არის ზუსტად იმ გუნდში, რომელიც ქვეყანას ემსახურება, ხოლო გახარია იმ გუნდში გადავიდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
კარგად ვიცით, რომ გახარია ზეამბიციურია, ის ამბიციებს ვერ მართავს და ვერ იტანს, რომ პირველ ადგილზე არ არის. მას ამ ამბიციებმა გადააწყვეტინა, რომ სამხარაძეს – პოლიტიკური თანამდებობის პირს თავს დასხმოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.