მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? ერთადერთი, რაკეტის მოშვერა დარჩათ, დანარჩენი ყველა მეთოდი აქვთ გამოყენებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სანქციებზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს მეგობრად მიიჩნევ, “ასეთი ენით არ უნდა საუბრობდე”.
„მგონი, მეტი არაფერი აღარ დარჩათ გარდა იმისა, რომ რაკეტა მოუშვირონ საქართველოს. ამის გარდა ყველაფერი გააკეთეს უკვე. თუ საქართველოს მეგობრად მიიჩნევ, ასეთი ენით არ უნდა საუბრობდე, თან იმ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც ამერიკაში და საფრანგეთშია და კანონმდებელს ეუბნები, რომ დაასანქცირებ მას და მის ოჯახს კანონის მიღებისთვის. მაშინ, გავაუქმოთ საქართველოს პარლამენტი. რაში გვჭირდება, თუ მაინც ის კანონი უნდა მივიღოთ, რასაც ამერიკა იტყვის და ის კანონი არ უნდა მივიღოთ, რასაც ის არ გვეტყვის? ოჯახის წევრების დასანქცირებაზე და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ და ახლა ამერიკის მხრიდან არის არა მხოლოდ კანონმდებლებზე, არამედ ოჯახის წევრების ბულინგი და დასანქცირება. მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? ერთადერთი, რაკეტის მოშვერა დარჩათ, დანარჩენი ყველა მეთოდი აქვთ გამოყენებული. გვეუბნება, თქვენ სუვერენიტეტი არ გჭირდებათ; გამოუშვეს ხალხი, ვინც გვილანძღა ოჯახი და მართლმადიდებლობა; გვეუბნება – კანონმდებლებს დაგისანქცირებთ; ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა, თქვენ – არა; ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს? გეუბნება, ოჯახებიანად დაგასანქცირებ. ამაზე მეტი, ომის გამოცხადების გარდა არაფერი დარჩა”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, მაჭარაშვილის თქმით, “ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება, მინიმუმ არასერიოზულს ხდის [სანქციებს] ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია”.
“როდესაც ამ სანქციებს მათრახივით იქნევ აქეთ-იქით, ეს მინიმუმ არასერიოზულობაა. როდესაც ხედავ, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ საფრანგეთი იღებს ამ კანონს, ამერიკას აქვს, კანადაში აქვთ, სერბეთი და თურქეთი იღებენ და შენ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით გაქვს ასეთი ტიპის მუქარები, ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას, როგორც ვასალს, ისე აღგვიქვამ. ეს საქართველოს საზოგადოებისთვის წითელი ხაზია. იმისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ; ჩვენ მიგვეღო კანონები და მოსკოვში არ დაწერილიყო. ახლა იმისთვის ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ არ დავწეროთ და ბრიუსელმა დაწეროს? ეს ხომ აბსურდია? ჩვენ გვინდა, რომ აქ დაიწეროს ქართული კანონი და თანაც ისეთი, რომელიც უფრო ლოიალურია, ვიდრე ამერიკაშია. ბლინკენის განცხადება, რომ ეს კანონი თურმე კრემლის სახელმძღვანელოდანაა აღებული, გამოდის, რომ ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს, რადგან ეს კანონი ამერიკული „ფარას“ პრინციპების საფუძველზე, უფრო ლოიალურად დავწერეთ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
გარდა ამისა, მაჭარაშვილმა ისაუბრა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხრიდან მუქარის თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ “შეურაცხყოფანარევი მუქარა ნიშნავს იმას”, რომ სწორ გზაზე დგანან.
“ჩვენზე ზეწოლა არ გვიკვირს, მაგრამ ასეთი ტიპის შეურაცხყოფანარევი მუქარა ნიშნავს იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, რომ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვიცავთ, ის ხალხი კი, ვინც ამას აკეთებს, დგას იმ გზაზე, რა გზაზეც იდგა ფაშიზმი და საბჭოთა რეჟიმი. იმათ როგორ დაასრულეს ეს ყველაფერი, ისტორიამ კარგად იცის”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.