გურამ მაჭარაშვილი – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და თავის ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება – ის, რაც ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხდება, მიმართულია საქართველოს ხელისუფლების ე.წ. დაშანტაჟებისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან.
„ის, რაც ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხდება (განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით, 95 მლნ-ის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება) ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე არის მიმართული ე.წ. დაშანტაჟებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუმცა აქ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხარით, რომ ერთის მხრივ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და თავის ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება. ეს ის საზოგადოებაა საქართველოში, რომელმაც სწორად განჭვრიტა ის დეზინფორმაცია, რაც მოდიოდა საქართველოზე, რომ აქ უკრაინიზაცია უნდა მომხდარიყო. ახლა რომ ჩვენ გვასწრებს უკვე რადიკალური ოპოზიცია ე.წ. “რუსეთუმეობაში”, რომ თურმე ყველაფერი პრაგმატული კარგი ყოფილა საქართველოსთვის, აი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს საზოგადოებამ ეს პოზიცია შეინარჩუნა. აქედან გამომდინარეობს, მათ შორის, ჩვენი წერილის შინაარსი, რომ ეს ყველაფერი არ ემსახურება ურთიერთობების გადატვირთვას. საზოგადოებას ჩვენ ვეუბნებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად, მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ასევე დაგაინტერესებთ