არ უჭირს ზურაბიშვილს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და საკონსტიტუციო სარჩელი ისე დაწეროს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სარჩელი ვერ დაწერეს, იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეძებდნენ.
“სასაცილოა ტრაგიკული რომ არ იყოს – პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, ახლა გაახსენდა, რომ თურმე საჭირო ყოფილა და მოუნდა სარჩელის დაწერა. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ის არასერიოზული ადამიანია. საკონსტიტუციო სასამართლოს ხან არ ცნობს და როცა თვითონ დასჭირდება, უნდა, რომ არსებობდეს. თავად ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სარჩელი ვერ დაწერეს, იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეძებდნენ, თორემ ამბობდნენ, რომ ამ კანონში მძიმე და წერტილიც კი რუსულიაო. თუ ამდენი რუსული რამ იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ დაწერეს სარჩელი? რომ წაიკითხეს, ნახეს რომ კონსტიტუციის შეუსაბამო არგუმენტები არ იყო. რაღაცას მოიმოქმედებენ, არ უჭირს ზურაბიშვილს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და საკონსტიტუციო სარჩელი ისე დაწეროს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.
საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელზეც სარჩელი უკვე მომზადდა და სასამართლოს კანცელარიაში შევიდა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.