თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ვიდეოს და სურათს, სადაც საქართველოში მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციამ არა თუ დაარბია, არამედ აქციის მონაწილეებს მიუახლოვდა – თქვენ გინახავთ ამერიკული და ევროპული სტანდარტები მიტინგების დაშლის? რომელი უფრო პროპორციულია – საქართველოში, თუ ევროპაში? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, აქციის მონაწილეების მიერ „შტურმის დაწყების შემდეგ რეაგირებენ სამართალდამცველები“.
„თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ვიდეოს და სურათს, სადაც საქართველოში მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციამ არა თუ დაარბია, არამედ აქციის მონაწილეებს მიუახლოვდა. თქვენ მსგავს მაგალითს ვერ მომიყვანთ, მაგრამ როგორც კი აქციის მონაწილეების მხრიდან ცეცხლი გახსნა ხდება, თქვენ რას მეუბნებით სახელმწიფო დაჯდეს და დაელოდოს რამდენიმე ასეული უცხოეთიდან დაფინანსებული ახალგაზრდა, თუ ძველგაზრდა როდის აიღებს პარლამენტს შტურმით? ან როდის დაანგრევს და დააზიანებს პოლიციას? შესაბამისად, თუ საუბარია იმაზე, რომ პროპორციული ძალა უნდა იყო გამოყენებული, რა თქმა უნდა, პროპორციული ძალაა გამოყენებული. ყველა პირდაპირ ეთერში ხედავდა, რომ როდესაც [ისინი] შტურმს იწყებენ, ჯერ მოწოდებებია დაშლასთან დაკავშირებით, მერე წყლის ჭავლის [გამოყენება ხდება], რომელიც არის ყველაზე პროპორციული ძალა. ამის მიუხედავად კიდევ შტურმს, რომ აგრძელებ და პრაქტიკულად, იარაღის მსგავსად პიროტექნიკას პოლიციელებს ესვრი და მიზანი გაქვს, რომ დააზიანო, რა თქმა უნდა, აქაც მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოგაქცევს.
რაც შეეხება კონკრეტულ არაპროპორციულ ძალას, თუ კი ასეთი გამონაკლისები იყო, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. გარწმუნებთ, რომ ეს გამოძიება, აბსოლუტურად ობიექტური იქნება.
თქვენ გინახავთ ამერიკული და ევროპული სტანდარტები მიტინგების დაშლის? რომელი უფრო პროპორციულია საქართველოში, თუ ევროპაში? ევროპული სტანდარტი არის, რომ საფრანგეთში მომიტინგეების დასარბევად ძაღლები მიუშვეს. მაგალითად: აშშ-ში ადამიანები ოთახებში რომ იმალებოდნენ, იქ შეიჭრნენ და იქ დააზიანეს. ეს არის ამერიკული სტანდარტი. საქართველოში ასეთი რამ მომხდარა? ამიტომ ჯერ წაიკითხეთ, გადახედეთ, როგორ ხდება აშშ-ში და ევროპაში მომიტინგეების დარბევა, მერე ნახეთ საქართველოში და ამის შემდეგ ჰქონდეთ პრეტენზიები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.