გაუგონარია, როდესაც მოქმედი მოსამართლე ამბობს, რომ მისი დამოუკიდებლობის და კეთილსინდისიერების ხარისხი უნდა შეამოწმონ უცხოურმა ძალებმა – ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აშკარად დაწყებული აქვთ შტურმი მართლმსაჯულებაზე და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, როდესაც დაინახეს უცხოურმა ძალებმა, რომ მართლმსაჯულება ვერ დაიქვემდებარეს, შეეცადნენ რომ აგენტურის მეშვეობით ემოქმედათ, რომელიც, სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჰყავთ მართლმსაჯულებაში.
„ჯერ იყო 5 მოსამართლე, ახლა 4 დაემატა, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ზოგი მეუღლეა შსს-ს მაღალჩინოსნის „ნაცმოძრაობის“ დროს, ზოგი ძმაა „ნაცი“ ჟურნალისტის და პირდაპირ დაკავშირებულები არიან „ნაცმოძრაობასთან“, ის მოსამართლეები, რომლებმაც გაამართლეს პედოფილიასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ადამიანები. ისინი პირდაპირ აზიანებენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს. გაუგონარია, როდესაც მოქმედი მოსამართლე ამბობს, რომ მისი დამოუკიდებლობის და კეთილსინდისიერების ხარისხი უნდა შეამოწმონ უცხოურმა ძალებმა. წარმოვიდგინოთ, დილით გაიღვიძა 9 მოსამართლემ, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა, დანარჩენმა არა და თქვეს, რომ ახლა ჩვენი კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობის ხარისხი თუ არ შეამოწმა, აუცილებლად უცხოურმა ძალებმა, არა ქართულმა, არამედ უცხოურმა, დაგვემხო თავზე მართლმსაჯულება. ეს გააკეთა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა 9 მოსამართლემ. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აშკარად დაწყებული აქვთ შტურმი მართლმსაჯულებაზე და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციებზე. გაუგონარი რამეა, ნებისმიერ ქვეყანაში მოსამართლე იბრძვის დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად და ეს მოსამართლეები იბრძვიან, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი შეამოწმონ უცხოურმა ძალებმა. შე დალოცვილო, თუ შენს კეთილსინდისიერებაში გეპარება ეჭვი, მოსამართლეს, შენ რა სასამართლო საქმე უნდა განიხილო? რომელი მხარე გენდობა? თვითონ მოსამართლე რომ აღიარებს საჯაროდ, რომ ჩემი კეთილსინდისიერება შესამოწმებელიაო, რომელმა მხარემ უნდა მოინდომოს, რომ ასეთმა მოსამართლემ განიხილოს ესა თუ ის საქმე“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლეთა ნაწილი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.