ბრიტანეთის საელჩოს ვინ ეკითხება საერთოდ, პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში რა მოხდება და კანონის პროექტი სად უნდა გავაგზავნოთ და სად არა – ეს არის ცეკას მეორე მდივნის ფუნქციები ზუსტად და რუსეთის იმპერიის დროს, საქართველოში მეფის ნაცვალი რომ იჯდა, იმის ფუნქციები შეითავსეს აქ საელჩოებმა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მან ბრიტანეთის ელჩს მოუწოდა, „გამოვიდეს და თქვას, რისთვის რიცხავდა საქართველოში ასეულ ათასობით გირვანქა სტერლინგს“.
„უცხოურმა ძალამ დაინახა, რომ მათი აქაური წარმომადგენლობა უკვე არაფრის მაქნისი აღარ იყო და თავისი ელჩები და საელჩოები ჩართო პოლიტიკაში. ასეთ უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ევროკავშირმა და მისმა ბიუროკრატიამ საქართველოში პირდაპირ ოპოზიციაში ჩაუშვა თავისი ელჩები, საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც გამოდიან და ჭკუას ასწავლიან საზოგადოებას, ხმა ვის უნდა მისცენ, პარლამენტში ჭკუას ასწავლიან, კანონი როგორ უნდა მიიღონ. დღეს გამოდის ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ დაფინანსება, ვითომ, კარგ საქმეებს ემსახურებოდა. გამოვიდეს და თქვას, რას ემსახურებოდა. თქვას იმ ასეულ ათასობით გირვანქა სტერლინგს მაშინ რისთვის რიცხავდა. ბრიტანეთის საელჩოს ვინ ეკითხება საერთოდ, პოლიტიკურ პროცესებში რა მოხდება, არჩევნებში რა მოხდება და კანონის პროექტი, ჩვენ პარლამენტში რომ უნდა შევიმუშაოთ, სად უნდა გავაგზავნოთ და სად არა. ამას ვამბობთ ზუსტად, ეს არის ცეკას მეორე მდივნის ფუნქციები ზუსტად და რუსეთის იმპერიის დროს, აქ მეფის ნაცვალი რომ იჯდა საქართველოში, იმის ფუნქციები რომ შეითავსეს აქ საელჩოებმა. მერე ამბობენ, რატომ ლაპარაკობთ ასეო. აბა, მეტს კი არაფერს აკეთებდა ის ხალხი. ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში თორემ, სხვას იმავეს აკეთებდნენ. აქ ცხოვრობდნენ, საქართველოში, ისევე როგორც ეს ელჩები. ვინ ეკითხება საერთოდ ბრიტანეთის ან ნებისმიერ ელჩს, მათ შორის, ევროკავშირის, გერმანიის ელჩს, განსაზღვროს, პარლამენტში მე რა კანონპროექტს წამოვაყენებ და რას არა? ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩმა ამირჩია პარლამენტში?! თუ ქართულმა საზოგადოებამ?! ეს არის მათი გაშიფრული პირდაპირი განაცხადი, რომ ეს ხალხი წარმოადგენს იგივე “დიფ სთეითს” დღესაც, “გლობალური ომის პარტიას”,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დიდო ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ “დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში”. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და საელჩო კატეგორიულად არ ეთანხმება ამ საქმიანობის აღწერას, როგორც “პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას.
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
