გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზეობები დასრულდა. საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოუტანა.
ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორმა, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალოსანმა და ევროპული თამაშების ჩემპიონმა მედლების კოლექციას მსოფლიო ჩემპიონატის “ვერცხლი” შემატა.
ქართველი მძიმეწონოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ალჟირის, თურქეთის ნეიტრალური ქვეყნის და უზბეკეთის წარმომადგენლები, მაგრამ დასანანი მარცხი განიცადა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში – კორეელ მინიონ კიმთან ბოლო წამებზე იპონით დამარცხდა.
ამავე წონაში იასპარეზა საბა ინანეიშვილმა, მაგრამ მეორე წრეში ჩეხ ორგზის ოლიმპიურ და ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკთან იპონით დამარცხდა.
პირველივე წრეში გამოეთიშა ჩემპიონატს სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით პირად პირველობაში 2023 წლის შედეგი გაიმეორა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში ქალთა და კაცთა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
გურამ თუშიშვილის ვერცხლის მედლამდე მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს გიორგი სარდალაშვილმა (-60) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ).