გურამ გურამიშვილი – ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთიდან ორგანიზებული ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება

შუა დერეფნის ისტორიაში პირველად ჩინეთიდან ორგანიზებული საცდელი ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება, რაც ქმნის შესაძლებლობას, ახლა უკვე ავტოგზავნილებით ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვლენ.
„ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფანი პირველად იქნა ორგანიზებულად გამოყენებული საქართველოს დანიშნულებით ტვირთის იმპორტისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას ესაჭიროება 52 დღე, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გზავნილის გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. ანალოგიურად 12 დღე მოუნდება ავტოგზავნილს ამ დერეფნის გამოყენებით”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.