“ნაპოლი” იტალიის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ (ორჯერ გაიმარჯვა) იასპარეზებს. ვალტერ მაცარის გუნდისთვის ახლა თითოეული დადებითი ემოცია და მით უმეტეს, ტიტული, მნიშვნელოვანია. “ფიორენტინასთან” (3:0) მოგებულ შეხვედრაში განსხვავებული იყო ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია…
როგორც იქნა, ნეაპოლელთა დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტის სურვილებს გადააბიჯა და ის ტაქტიკური სქემა გამოიყენა, რომელიც მასთანაც უფრო ახლოსაა და იქნებ არსებულ კონტინგენტთანაც. ასეთ ცვლილებებს სირთულეები ყოველთვის მოსდევს, ფეხბურთელებს მასთან ადაპტირება სჭირდებათ და საბოლოო ფორმირებისთვის გარკვეული დროა საჭირო.
საინტერესო იყო სამი უკანახაზელით თამაშისას ჯოვანი დი ლორენცოს ცენტრალურ მცველად ხილვა. კაპიტანს ამ პრობლემურ
ზონაში მეტი სტაბილურობის შეტანა შეუძლია და შეტევაში ბურთის წამოღებასაც, რაც კიმის წასვლის შემდეგ ასე პრობლემურია, მეტად შეძლებს. კიდევ ერთი სიახლე სტანისლავ ლობოტკას უკავშირდებოდა. სლოვაკს შემტევებთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ემოქმედა. ახლა ამას განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია, სამომავლოდ კი წინა ხაზის ფეხბურთელებს, მათ შორის, კვარაცხელიას, იქნებ მეტი თავისუფალი სივრცე გაუჩნდეთ და გამამწვავებელი პასებიც დროულად მიიღონ.
პარტნიორების მომარაგება მართლაც პრობლემური საკითხია. ერთია ტექნიკურად ვერშესრულება (რაც ხვიჩასაც მოუვიდა), მეორე კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღება (შეგნებულად ან განზრახ). გამოვყოფთ ეპიზოდებს (იმის გამო არა, რომ ჩვენებურს უკავშირდება), კაიუსტესა და პოლიტანოს შეტევის გაგრძელების ოპტიმალური ვარიანტები რომ მიეღოთ, “კვარას” კარის აღების კარგი შანსები მიეცემოდა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, ქართველი გარემარბი მუდმივად ბურთის ძიებაშია, ის მას ნაკლებად აქვს ან არაოპტიმალურ ვითარებაში იღებს და ამაზე მთელი სეზონის განმავლობაში ვწერთ. 77-ე ნომერი საჩემპიონო წელს მატჩის ბედს მაშინაც წყვეტდა, როცა თითქოს პასიური იყო და ბურთთან ნაკლებად იმყოფებოდა, ახლა კი ამის გაკეთება ძალიან რთულია – გუნდიც დასუსტებულია, მის მიმართ კი წინააღმდეგობები გაზრდილია. ქართველმა პირველ გოლში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ახალ ტაქტიკურ სქემას (3-4-3-ად ტრანსფორმირდება თუ 3-4-2-1 იქნება) ქართველი გარემარბისთვის ის პლუსები აქვს, ბურთის მიღება გვერდით ხაზთან არ უწევს და იმპროვიზაციის მეტი საშუალება გააჩნია, თუმცა ერთია ფურცელზე დაწერილი ტაქტიკა და მეორე, თუ მას გუნდი როგორ ასრულებს. როცა რუი ახერხებდა, შეტევაში ჩართულიყო და სივრცეები აეთვისებინა, ცენტრიდან შეტევის გზებს ხვიჩაც თავისუფლად ეძებდა; იყო ეპიზოდები, “ჩაკეტილი” მარიო 77-ე ნომერს გრძელი პასებით “ეძებდა” და ამ დროს “კვარას” შეტევის განვითარებისთვის ბევრი არჩევანი არ ჰქონია, თანაც, ორთაბრძოლებში გამარჯვება უჭირდა. ნაკლები იყო დრიბლინგი და გამწვავებაც… რგოლებს შორის მეტი კავშირის და შეტევაში უფრო აქტიურად თამაშის ნაცვლად, მას დაცვითი ოპერაციების შესრულება უწევდა. გარკვეულ ეპიზოდებში ხვიჩა იმ პოზიციაზე ვნახეთ, როგორც ბოლო დროს საქართველოს ნაკრებშია – გამოკვეთილ ფორვარდთან (გუშინ სიმეონე იყო) ახლოს. ამ ტაქტიკას კარგი დამუშავება სჭირდება, რაც არ იგრძნობოდა…
გუნდმა ფინალზე ფიქრი ნაადრევად დაიწყო. ამას ხელი მწვრთნელმაც შეუწყო, რომელმაც ჩვენებური მინდვრიდან გაიყვანა. ძერბინის პროგრესი აღსანიშნავია… წინ გადამწყვეტი მატჩია და გვჯერა, სულ სხვანაირ კვარაცხელიას ვიხილავთ. კარგი იყო, რომ მაცარის შეგირდებმა სამი გაიტანეს, არადა, ბოლო დროს მოწინააღმდეგის კარის აღება როგორ უჭირდათ.
საუდის არაბეთში შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. დასამალი არაა, იქაურები “მილანსა” თუ “იუვენტუსს” მეტად იცნობენ. იმედია, ფინალი მათ და ყველას მოლოდინებს სრულად გაამართლებს და ხვიჩაც დასამახსოვრებელ მატჩს ჩაატარებს!..