“გუდვილმა” 22 წლის იუბილეს აღსანიშნავად განახლებული კონცეფცია წარადგინა – რებრენდინგის დეტალები

ჰიპერმარკეტების პირველ ქართულ ქსელს 22 წელი შეუსრულდა – “გუდვილი” განვითარების ახალ ეტაპს განახლებული იდენტობით, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებითა და პრემიუმ გამოცდილებით ხვდება, რაზეც BMGTV-ზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა. მან გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის მიერ განვლილი 22 წელი შეაჯამა.
“22 წლის წინ, როდესაც გაიხსნა “გუდვილის” პირველი და, ზოგადად, პირველი ჰიპერმარკეტი მთელ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ეს იყო, ერთი მხრივ, ძალიან დიდი სიახლე ჩვენი ბაზრისთვის, მეორეს მხრივ კი – დიდი გამოწვევა “გუდვილის” დამფუძნებლისთვის და მთელი გუნდისთვის, იმიტომ რომ გუდვილი თავიდან ბოლომდე შემოვიდა სტანდარტით, რომელიც ახალი იყო ყველასთვის, მათ შორის, თავად გუნდისთვისაც.