გუდაურში ფეხით გადაადგილება უსაფრთხო არ არის… კურორტს მხოლოდ ერთი რეანიმობილი ჰყავს, რაც არასაკმარისია – „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფი“

გუდაურში ფეხით გადაადგილება უსაფრთხო არ არის… კურორტს მხოლოდ ერთი რეანიმობილი ჰყავს, რაც არასაკმარისია – „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფი“
როცა გვიხარია ხოლმე, რომ ტურისტები ჩამოდიან და ქვეყანაში ფული შემოდის, ამ ტურისტს ელემენტარული პრობლემა რომ გაუჩნდეს, ვერ დავეხმარებით, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, მაია მურაჩაშვილმა.
როგორც მაია მურაჩაშვილი აღნიშნავს, გუდაურში მხოლოდ ერთი რეანიმობილია, რაც არასაკმარისია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საუბარია ზამთრის მთის კურორტზე, სადაც ტურისტები თოვლს იმისთვის დაჰყვებიან, რომ ისრიალონ.
გარდა ამისა, გუდაურის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა ის, რომ თოვლისგან ტროტუარები არ იწმინდება, გზის დიდ ნაწილს კი ტროტუარები საერთოდ არ აქვს.
„ტრაილერები როგორც დადიოდნენ, ისევ ისე დადიან გუდაურში. ყველაზე დიდი დისკომფორტი გუდაურში ტრაილერების მოძრაობა იმის გამოა, რომ ტროტუარები არ არის, არ იწმინდება, არ სუფთავდება და შესაბამისად, ფეხით გადაადგილება უსაფრთხო არ არის. დავიმატეთ ხარჯები და საკუთარი ძალებით გადაგვყავს სტუმრები სასრიალო ტრასამდე, რადგან გვქონდა შემთხვევები, რომ გვისაყვედურეს ასეთი მდგომარეობის გამო. უკვე მესამე წელია, ამაზე ვსაუბრობთ, იმედი გვქონდა, წელს მაინც რამე შეიცვლებოდა, თუმცა ეს არ გაკეთებულა. გაწმენდა უნდა ხოლმე თოვლს, მეტი არაფერი“, – აცხადება მაია მურაჩაშვილი.
რაც შეეხება ტურისტების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებას, როგორც „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, მისთვის გასაგებია, რომ კურორტზე მთელი ქირურგიული განყოფილების დამატება დიდ ხარჯებთან და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ერთი რეანიმობილის ქონა საკმაოდ გადატვირთული მთის კურორტისთვის უკიდურესად ცოტაა და ძალიან დიდ რისკებს აჩენს, რომ უბედური შემთხვევა ფატალურად დასრულდეს.
„მინიმუმ რეანიმობილების დამატებაა აუცილებელი. ხომ გვიხარია, რა კარგია, ტურისტები მოვიდნენ, თანხები შედის ქვეყანაშიო. თანხები ამ ტურისტებისგან შემოდის, რომლებსაც ელემენტარული პრობლემა რომ გაუჩნდეთ, ვერ დავეხმარებით. ვინც აქ მუშაობს, ძალიან კარგი ხალხია, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – აცხადებს მაია მურაჩაშვილი.