„Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ გამოწვევას მოუწესრიგებელი საჯარო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ ლამაზი ბუნება არაა საკმარისი.
„რეალობას გავუსწოროთ თვალი – ვართ ის ქვეყანაა, სადაც მილიარდერებს მოუნდებათ მოგზაურობა?!.. ზამთრის კურორტები რომ შევადაროთ ერთმანეთს – მაგალითად კურშაველი და გუდაური. ბუნებრივი სილამაზე ორივეს აქვს, მაგრამ ინფრასტრუქტურა ნამდვილად არ აქვთ ერთნაირი… კურშაველში ტურისტები კერძო თვითმფრინავით ჩადიან და გუდაურში საფეხმავლო გზებიც კი არაა და ქვეითებს და ტრაილერებს ერთ გზაზე უწევთ სიარული, რაც ტურისტებში უსაფრთხოების განცდას არ ქმნის. რამდენიმე წელია ამ თემაზე ვსაუბრობ…
რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა გაზრდილია, რადგან ტარდება საერთაშორისო ჩემპიონატები და ეს ქვეყნის რეკლამისთვის ძალიან კარგია, მაგრამ აქ როგორ ინფარსტრუქტურას ვახვედრებთ?! შეიძლება პატარ-პატარა პრობლემებია, მაგრამ პრობლემაა საჯარო საპირფარეშოები, პრობლემაა გზები და ა.შ. შედეგად, რას იტყვიან ტურისტები, როცა სამშობლოში დაბრუნდებიან?! – კი, კარგი ქვეყანაა, მაგრამ განუვითარებელია“, – განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
Inn ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს „წერტილის“ წამყვანმა ჰკითხა, სხვადასხვა გამოწვევის და პრობლემის დაძლევის მიზნით, რამდენად ხშირი კომუნიკაცია აქვს ტურიზმის სექტორს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.
– ჯერჯერობით, ძალიან სტანდარტული ურთიერთობა გვაქვს… თუ ჯერ კიდევ დარჩა რომელიმე სექტორი, რომელსაც აქტიურად აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ტურიზმის სფეროა, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მარკეტინგის მხოლოდ პატარა ნაწილს წყვეტს…
– არ ფიქრობთ, რომ მეტიც შეუძლიათ? ეკონომიკის მინისტრს ტურიზმის კურატორი მოადგილეც ჰყავს მარიამ ქვრივიშვილის სახით…
– არ ვიცი, ჯერჯერობით რაზედაც ვთხოვეთ, ეშუამდგომლათ, ვერ გვარდება და ე.ი. არ შეუძლიათ… ვგულისხმობთ, გუდაურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ზაფხულში ხართ ნამყოფი გუდაურში?! – გზები არაა.
– არ ესმით ტურიზმის ბიზნესის ხმა?
· არ ვიცი. რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციის ვალდებულება არაა გზები დააგოს, მაგრამ…
