“გუდაურში რესტორნის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თბილისში” – Skio-ს დამფუძნებელი

„სამწუხაროდ, წელს, ჩვენს რესტორანში ფასების 15%-იანი ზრდა მოგვიწია“, – ამის შესახებ BM.GE-სთან, გუდაურში მდებარე რესტორან Skio-ს დამფუძნებელმა, დადუნა ღლონტმა განაცხადა.
როგორც რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ქართველ მომხმარებლებს არ ესმით, რომ გუდაურში რესტორნის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თბილისში. მისივე განმარტებით, გუდაურში რესტორნის ფუნქციონირებას თავისი სპეციფიკა აქვს. დისტრიბუტორების მიერ გაზრდილი ფასები კი კვების ობიექტებში გაზრდილ ფასებზე ახდენს გავლენას.
“ყველა ფიქრობს, რომ გუდაურში რესტორნის ფუნქციონირება ადვილია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გუდაურში აქტივობები გვაკლია, მარკეტინგული აქტივობებიც, რომელიც კურორტის ცნობადობას გაზრდის”, – ამბობს რესტორატორი და აღნიშნავს, რომ ოპერირების თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 2023 წელთან შედარება არც კი შეიძლება, ვინაიდან გასულ სეზონზე, დეკემბერ-იანვარში თოვლი არ იყო და შესაბამისად, ყველა ჯავშანი გაუქმდა.
“რაც შეეხება მიმდინარე წელს, სეზონი ჯერ ახლა დაიწყო და წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სტუმარს არ ვუჩივით. წლევანდელ სეზონზე, საბაგიროები 15 დეკემბრიდან გაიხსნა და შესაბამისად, ახალი წლის პერიოდში დატვირთულები ვიყავით როგორც უცხოელი, ასევე ქართული სტუმრებით,“ – აცხადებს ღლონტი.
მისივე თქმით, ბოლო 10 დღეა გუდაურში ხალხი ნაკლებია. თუმცა სავარაუდოა, რომ 1-ელი თებერვლიდან სტუმრების რაოდენობა ზრდას დაიწყებს.