გუდაურში გადათხარეს სათხილამურო ტრასა. ზუსტად ვიცი, რომ მათ არ აქვთ არანაირი შეთანხმება, რადგან იმ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება არავის აქვს – მირანდა ესაკია

გუდაურში გადათხარეს სათხილამურო ტრასა. ზუსტად ვიცი, რომ მათ არ აქვთ არანაირი შეთანხმება, რადგან იმ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება არავის აქვს – მირანდა ესაკია
გუდაურში მიმდინარე მშენებლობები ადგილობრივი ბიზნესის ნაწილისა და დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს.
როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, დაახლოებით ერთი თვეა, რაც ახალი მშენებლობა უშუალოდ სასრიალო ტრასასთან და პირველ საბაგიროსთან დაიწყო.
მისი თქმით, უკვე ჩასხმულია ბეტონი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი უამრავი ჯიხურია განთავსებული, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
„ჩემი ინფორმაციით, ეს კომპანია არის „გუდაური ლოფტ“, თან ზუსტად ვიცი, რომ მათ არ აქვთ არანაირი შეთანხმება, რადგან იმ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება არავის აქვს. გადათხარეს სათხილამურო ტრასა, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. გარდა ამისა, პირველი საბაგიროს ქვემოთაც, სადაც ხალხმა უნდა ისრიალოს და არის რეკრეაციული სივრცე, ვიღაც ადგილობრივს, ყველანაირი ნებართვის გარეშე, ამოთხრილი აქვს და აშენებს ბედნიერად. ეს გაუგონარი ამბები დაუსჯელობის სინდრომის გამო ხდება. სათხილამურო ტრასაზე ასეთი საგიჟეთია, არ ვიცი, ვინმე უნდა დაგვეხმაროს, რომ რამენაირად ყურადღება მივიქციოთ.
ადგილობრივი ბიზნესი გაგიჟებულია, მაგრამ ბიზნესის ამბავი ხომ იცით, ყველა აღშფოთებულია, მაგრამ ხმამაღლა არ ყვირიან. რაც შეეხება დამსვენებლებს, ახლა ზაფხულის პერიოდია და პირველ რიგში ის ანტისანიტარია აწუხებს ყველას, რაც იქ არის. გარდა ამისა, ასე უკანონოდ დადგმული აქვთ უამრავი სამშენებლო ჯიხური, დენს იპარავენ საბაგიროდან, რომელიც იმხელა პრობლემას ქმნის, რომ ჩამოსული ტურისტი საათ-ნახევარი და 2 საათი გაჭედილია გონდოლაში, რადგან ხდება მოკლე ჩართვები.
ეს ამბები დაახლოებით, 1 თვეზე მეტია მიმდინარეობს, უკვე ამოთხრილია და ბეტონიც ჩასხმულია. ამას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეაგირება თვითონ სახელმწიფოს მხრიდან. თორემ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მხოლოდ მათთვის ხმის მიწვდენა შეგვიძლია. სხვა შემთხვევაში, ეს ბოლოს იქამდე მიგვიყვანს, რომ ვისაც როგორ და სადაც უნდა ისე ააშენებს. ალბათ, მალე სასრიალო ტრასა აღარ გვექნება, კორპუსი იქნება შუაში,“ – განაცხადა ესაკიამ ჩვენთან საუბრისას.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ შპს „ემ თი ეი“-შიც, რომელიც გუდაურში როგორც სასრიალო ტრასების მართვას, ისე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. „ემ თი ეი“-ს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯაოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს უკვე აცნობეს, რადგან ეს კურორტს როგორც რეპუტაციულად, ისე უსაფრთხოების კუთხით დააზიანებს.
„დაზვერვითი სამუშაოების დროს ჩვენ რა თქმა უნდა, შევამჩნიეთ აღნიშნული ტიპის შემოჭრები სასრიალო ტრასაზე, რაც ხელს უშლის მთის ინფრასტრუქტურის და იმ გენგეგმის განვითარებას, რომელიც დღეს არის დამტკიცებული კურორტზე. ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. მართალია, კანონით არ გვაქვს უფლება, ვინმესთან შევიჭრათ და პასუხი მოვთხოვოთ, მაგრამ მაშინვე შევატყობინეთ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურს, რომ მიმდინარეობს უნებართვო მშენებლობა. მათ ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც „გუდაური ლოფტთან“ დაკავშირებით, ისე პირველი საბაგიროს ქვედა მხარეს მიმდინარე მშენებლობაზეც.
ეს საკითხი ჩვენთვისაც ძალიან სენსიტიურია, რადგან ტრასა არის ყველასი და მისი მოვლა პატრონობა გაგვიჭირდება. ვფიქრობ, ამდაგვარი დაუფიქრებელი ქმედებებით საბოლოო ჯამში, კურორტი დაზარალდება, როგორც რეპუტაციულად, ისე უსაფრთხოების მხრივ. იმიტომ, რომ სასრიალო ტრასებს აქვს თავის დაცვის ზონები და ა.შ. მე ვფიქრობ, გუდაური ვითარდება ყოველწლიურად და ამის ფონზე, ყოვლად დაუშვებელია მსგავსი პარტიზანული შემოჭრები სასრიალო ტრასებზე. ეს იქნება სამშენებლო ჯიხურებით, თუ სხვა სახის შენობა-ნაგებობებით. ამიტომ, ჩვენი კომპანია, აქტიურად თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო ორგანოსთან, რომ უზრუნველყონ კანონის შესაბამისად მოქცევა,“ – განაცხადა ჯაოშვილმა.
www.bpn.ge