გუდაურს ჩინეთიდან და ინდოეთიდან აქტიურად სტუმრობენ – როგორია ტურისტული სეზონი კურორტზე?

გუდაურში მდებარე სასტუმროების Quadrum-ისა და Pine Chalet-ის მმართველი კომპანიის „კა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ირაკლი ჭიღლაძე ამბობს, რომ ტურისტულ სეზონზე კურორტს აზიური ქვეყნებიდან, კერძოდ ჩინეთიდან და ინდოეთიდან აქტიურად სტუმრობენ. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
ამ ბაზრების წილი გუდაურის ტურისტულ ნაკადებში 17%-ს აღწევს, რაც ჭიღლაძის შეფასებით, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ის დასძენს, რომ ტენდენციის მიხედვით, მომავალ წელს ჩინელი და ინდოელი ტურისტები, სავარაუდოდ, ბაკურიანისა და საირმის სასტუმროებშიც გამოჩნდებიან.
„ფასები წინა წელთან შედარებით არ დაგვიკორექტირებია, თუმცა თუ რაიმე ფაქტორები არ იყო, გუდაურს მომავალ წელს განთავსების ღირებულების $7-10 -იანი ცვლილება ზრდის კუთხით მოუწევს. ვინაიდან, დატვირთვა ძალიან კარგია და ამის საშუალება გვაქვს“, – თქვა მან.
რაც შეეხება სიახლეებს, მისივე ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ Pine Chalet ბუტიკური ტიპის სასტუმროა, კომპანია კოტეჯების დამატებას გეგმავს, რომელიც წყვილებზე იქნება გათვლილი. ხოლო Quadrum-ის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 15-მდე ნომრის დამატებაა დაგეგმილი, სადაც ჯამში 35-36 ადამიანს უმასპინძლებენ. აღნიშნული პროექტები ჯერ იდეაა და ოქტომბრის ბოლოს უკვე გადაწყდება, დამტკიცდება თუ არა პროექტად.