საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე კი აღდგენილია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის მიხედვით, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის სპეციალური მოძრაობის რეჟიმები:
· თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე;
· კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
· დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ170 (დიზი-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
“მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლის სახით ჭარბი ნალექი მოვიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამ დრომდე, ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვა იყო მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.