გუდაურის გზებზე ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც 90-იან წლებში, შევარდნაძის დროს იყო – ცოტნე ჯაფარიძე

„გუდაურის ინფრასტრუქტურა – შიდა გზები, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, წარმოუდგენელი ორმოებია“, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ მიმდინარე სეზონზე გუდაურში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად გუდაურის გზებზე ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც 90-იან წლებში, შევარდნაძის დროს იყო.
„სასრიალო ტრასები და საბაგიროები იდეალურ მდგომარეობაშია და მოხარული ვარ, რომ ეს ასეა. ასეც უნდა იყოს და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ კეთდება კარგი ხარისხის და გვიკვირს ხოლმე, როცა რაღაც კარგად მუშაობს. მაგრამ ინფრასტრუქტურა – შიდა გზები, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, წარმოუდგენელი ორმოებია, 90-იანი წლების პერიოდში რომ იყო, შევარდნაძის დროს გზები, ისეთი მდგომარეობაა. თოვლიც ვერ ფარავს, იმხელა ორმოებია. გუდაურამდე მისასვლელი გზაც ცუდ მდგომარეობაშია“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
მისი თქმით, გუდაურში კიდევ ერთი პრობლემა კურორტზე მისასვლელ გზაზე ტრაილერების სიმრავლეა, რაც ქართველ და უცხოელ ტურისტებს დიდ დისკომფორტს უქმნის.
„ასევე გამოვყოფდი ტრაილერებს, რომელიც გუდაურის გზაზე ლარსისკენ და სკენ გადაადგილდებიან. იმიტომ, რომ მიდის გამალებული ვაჭრობა რუსეთთან და, მართლა ღმერთმა იცის, რა ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ირანიდან რუსეთში, სანქცირებულის თუ არასანქცირებულის, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ. მაგრამ ფაქტია, რომ ტრაილერების რაოდენობა რეკორდულად გაზრდილია და ტრაილერების კორიდორში, ტალახში, ორმოებში, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ მძღოლებს გუდაურში ასვლა. ასეთ მდგომარეობა გზაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება კურორტზე, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს,რომ არა მხოლოდ რეგიონში, მთელ მსოფლიოში წარმატებული კურორტი გახდეს“, – აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ