„არსის“ გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძე, მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული საგარეო კურსის გაურკვევლობა და პოლიტიკური ვითარება, გრძელვადიან პერიოდში, ინფრასტრუქტურულ სექტორში საინვესტიციო კლიმატს შეამცირებს და ინვესტორებთან კომუნიკაციას გაართულებს. როგორც მან „ანალიტიკას“ ეთერში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პრობლემები პირდაპირ სამშენებლო სექტორის შედეგებზე ჯერ არ ასახულა, ის პროგნოზირებს, რომ ამ ვითარებას სერიოზული გავლენა ექნება მომავალში.
“12 წელია, ესტონელი პარტნიორები გვყავს. ესტონეთი, [მთავრობამ] დღეს მტრად გამოაცხადა მგონი. რთულია ეგეთი ქვეყნებიდან ინვესტორებს აუხსნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, როცა ხედავენ, რომ არჩევნები არ არის აღიარებული, მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს, ასანქცირებენ… ფაქტია, რომ დღეს ეს ყველაფერი ციფრებში არ ასახულა, თუმცა მე მჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აზრს მოკლებულია, რომ ცივილურ სამყაროს, ევროპას და ამერიკას მოვწყდეთ და ვთქვათ, რომ განვვითარდებით. ძალიან რთულია, დაარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგადაა; გარდა იმისა, რომ, მათ ჩვენ მიმართ აქვთ ნდობა, სხვა ფაქტორის [პოვნა], რათა დაარწმუნო, რომ აქ ბიზნესის კეთება ღირს, ძალიან რთულია, თუ მოკლევადიან პერიოდში რამე არ შეიცვალა.
