„დღეს, კომპანია „გრინვეის“ სასამართლო პროცესი მოვუგეთ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის უპასუხისმგებლო ქმედებები, რომლითაც ის აზიანებს რეფორმას, აფერხებს ევროდირექტივის დანერგვას, ღიად მავნებლობს და ნერგავს არაჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე“, – ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.
მისი თქმით ტექინსპექტირების რეფორმის დაწყებისას, „გრინვეი საქართველოს“ ეკონომიკის სამიონისტროსგან ჰქონდა რეკომენდაცია რომ მას მობილური ხაზებით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა სერვისით უზრუნველეყო, რაც კომპანიამ უპასუხისმგებლოდ უგულებელყო. შესაბამისად, დავით მესხიშვილის პოზიციით, სასამართლომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„რეფორმის დაწყებისას ეკონომიკის სამინისტროსგან კომპანია „გრინვეის“ მიეცა რეკომენდაცია, რომ მთიანი რეგიონებისთვის ტექინსპექტირება, როგორც სერვისი, მაღალმთიანი რეგიონებისთვის უნდა მიეწოდებინა. ამისთვის მას უნდა ჰყოლოდა სამი მოძრავი ხაზი და ამით უზრუნველყო 15 მუნიციპალიტეტის მომსახურება, რომელთა შორის არის ხულო, ასპინძა, ადიგენი, ყაზბეგი და სხვა.
ჩვენმა კვლევამ და დაკვირვებამ აჩვენა, რომ „გრინვეი“ ამ ხაზებს დანიშნულებისამებრ არ იყენებს. შესაბამისად, 200 000-ზე მეტი მოსახლე დარჩენილია ამ მომსახურების გარეშე. კომპანიამ მარკეტინგული მიზნების გამო, ერთ-ერთი ხაზი ბათუმში არსებულ ტექინსპექტირების ცენტრს მიუყენა. მეორე მობილური ხაზი ადიგენის, ასპინძისა და ყაზბეგის ნაცვლად, მიიყვანა და ახალციხეში დააყენა. ის ამ ხაზებს იყენებს ბინძურად, იქ არსებული ბიზნესის დასაზიანებლად.
სასამართლომ სამართლიანად არ დააკმაყოფილა გრინვეის მოთხოვნა, დაედასტურებინა, თითქოს ეს იყო სპეკულაცია ჩემი მხრიდან“, – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ტექინსპექტირების დაბალი მაჩვენებელი სწორედ კომპანია „გრინვეის“ პასუხისმგებლობაა, რადგან ის არ ასრულებს სამინისტროს რეკომენდაციას. ამავდროულად ამ რეგიონებში მცხოვრები მძღოლები ზარალდებიან ფინანსური კუთხით, როდესაც მათ უწევთ დიდი გზის გავლა ტექინსპექტირების ცენტრებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმდებიან სახელმწიფოს მხრიდან.
„ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს მოვუწოდებთ და მივმართავთ მას თხოვნით, კომპანია „გრინვეის“ დაეკისროს ვალდებულება, რომ მან ტექინსპექტირების მოძრავი ხაზები გამოიყენოს იმ რეგიონებში, რომელიც რეკომენდაციითაა განსაზღვრული, რათა მძღოლებს ქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სერვისით. სავალდებულო უნდა იყოს ამ მობილური ხაზების გადაადგილების გრაფიკის გამოქვეყნება და შესაბამისად, მათი რეალურად მოძრაობა“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
