რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება, – ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები სრული ტემპით მიმდინარეობს.
კითხვაზე, არის თუ არა მხარეებს შორის რაიმე ურთიერთგაგება, კარასინმა უპასუხა: „როგორ შეიძლება არ იყოს, თუ უკვე ამდენი ხანია – სამი საათია – ვსხედვართ და სერიოზულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ საუბარს“.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსულ-ამერიკული შეხვედრები ექსპერტების დონეზე კიდევ გაიმართოს, კარასინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით დაიგეგმება.
„ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია. მოიცადეთ, მოგვიანებით დავგეგმავთ“,- განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz-Carlton-ში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი.
