დღეს ველოდით, რომ გამოუშვებდნენ, იყო ასეთი ხმა, მაგრამ ახლა ველაპარაკე ადვოკატს და სამი სამუშაო დღე გვითხრეს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გამოუშვებენ ლაზარეს. […] გუშინდელი განაჩენის შემდეგ, როდესაც წავედით ორბელიანების სასახლეში განცხადების შესატანად, მქონდა ის განცდა, რომ ქალბატონი სალომე ლაზარეს შეიწყალებდა. საღამოს გადაცემაში გავიგე ეს ამბავი, ყურში მესმოდა, ცოტა უჩვეულო იყო, ემოციური და ძალიან გამიხარდა, მაგრამ ველოდი.
ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ტელეკომპანია პირველთან საუბარში.
11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.