“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს” – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები იმყოფებიან. ისინი პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართავენ, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი.
კითხვაზე, თუ სალომე ზურაბიშვილმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რა იქნება მათი შედგომი ნაბიჯი, გია კალანდაძე ამბობს, რომ “ყველანაირ გზას მივყვებით, გავასაჩივრებთ, თუ არ დადგა გამამართლებელი განაჩენი, მივმართავთ სტრასბურგს”.
სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.