ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. ბრალდებულის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო.
“თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. […] სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის 38-ე მუხლი, ასევე 188-ე მუხლი ცალსახად არეგულირებს იმ საკითხს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია, დისტანციურად ჩართოს ბრალდებული. არსად არ წერია, არცერთი ჩანაწერი არ არსებობს კოდექსში, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის ცნობა, ან რაიმე გარკვეული მიზეზი – შეუძლია, მას უფლება აქვს. ორივე არგუმენტი და ორივე ნორმა, რაც მე მივუთითე არგუმენტი, სასამართლომ არ გაიზიარა”. – თქვა ბითაძემ.
გრიგორიადისის ადვოკატის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო 8 აპრილს, გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ლაზარე გრიგორიადისი სხდომას არ დაესწრება და მისი სურვილის მიუხედავად, დასკვნითი სიტყვის თქმის შესაძლებლობა დისტანციურადაც არ მიეცემა, დაცვის მხარეს შესაბამისი რეაგირება ექნება.
“ბრალდებული როდესაც თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ეს ცალსახად ფიქსირდება მტკიცებულებით, განცხადებით. ბრალდებული რომელიც გიწერს, რომ ჩამრთე დისტანციურად და ამასთან დაკავშირებით სრულიად უარგუმენტოდ მეუბნები უარს, ამ შემთხვევაში, ამის უფლება ნამდვილად არ აქვთ […]
კარგად ვიცით, რომ მოცემულ საქმეზე, იმდენად პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმეა, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. შემდგომ, რა თქმა უნდა, დაცვის მხარის სუბიექტური აზრია, რომ ფიქრობენ, როგორც ბრალდების მხარე, ისე სასამართლო, რომ ერთადერთი ბერკეტი რაც გვრჩება ეს არის, მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ცნობილია, ამა წლის ოქტომბრის ჩათვლით აქვს საპრეზიდენტო ვადა და მაქსიმალურად ცდილობენ , ეს ვადა გავიდეს, რომ ეს ბერკეტიც, რომ შესაძლებელია პრეზიდენტმა შეიწყალოს, ეს ვადაც მოიცვას”. – თქვა ბითაძემ და დასძინა, რომ არცერთი მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი იქნებოდა, პროკურატურას არ წარმოუდგენია. მისივე თქმით, დაცვის მხარე იღონებს ყველაფერს, რომ გრიგორიადისმა სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა შეძლოს.
დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემაც. მისი თქმით, ბრალდების მხარე მზად იყო დასკვნითი სიტყვისთვის.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მზად იყო დასკვნითი სიტყვისთვის. თუმცა, ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე. ასევე, გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო პროცესში დისტანციურად. სასამართლომ გადადო პროცესი, ვინაიდან, დისტანციური ჩართვის შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში, არ მისცა. უფრო სწორედ, დისტანციურად არ ჩართო ბრალდებული. […]
ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც რაიმე სხვა გარემოება უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობას და ეს უბრალოდ მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოკლე ვადით, ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღით, გადაედო პროცესი”. – თქვა იაკობიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა თანახმა ბრალდების მხარე გრიგორიადისმა დასკვნითი სიტყვა თქვას ონლაინ, პროკურორმა უპასუხა, რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და მათთვის არაფერს ცვლის ის, დაესწრება თუ არა პროცესს ბრალდებული. მისივე თქმით, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია.
“არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არის საკმარისი. ეს მტკიცებულებები არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე ვიდეოჩანაწერები, ისე სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები – არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულების სტანდარტით ადასტურეს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას”. – თქვა მან,
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ დღევანდელ პროცესზე მიიღო.
თავდაპირველად, საბოლოო პროცესი 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მოგვიანებით დასკვნითი სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა.