გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შეკრებილმა ექსპერტებმა, სპეციალისტებმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პოზიტიური მშობლობის პროგრამა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა ოჯახის გაძლიერებას ემსახურება და მისი მიზანია, დაეხმაროს მშობელს, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად ორ შემთხვევაში: პრევენცია – პრობლემის წარმოქმნისთანავე დაიწყოს მუშაობა პროფესიონალმა, იმისათვის რათა ის არ გაღრმავდეს და არ მიაღწიოს ისეთ ნიშნულს, როდესაც ბავშვის კეთილდღეობას პირდაპირი საფრთხე შეექმნება, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ბავშვის ოჯახიდან განცალკევებას; რეინტეგრაცია – სახელმწიფო მშობლებს დაეხმაროს განცალკევებული ბავშვების ოჯახში დაბრუნებაში, რეინტეგრაციაში, როდესაც მშობელს სჭირდება გაძლიერება და შესაბამისი უნარების შეძენა, იმისათვის, რათა მან ღირსეულად შეძლოს ოჯახში ბავშვზე ზრუნვა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამის საჭიროება გამოიკვეთა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის პროექტის განხორციელებისას.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე -რატი იონათამიშვილი, პარლამენტის ბავშვის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე -ბაია კვიციანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში -ნიკო თათულაშვილი, ბოლნისის მერი -დავით შერაზადიშვილი, ხარაგაულის მერი -კობა ლურსმანაშვილი, გერმანიის ელჩის მოადგილე- ტანია ჰუთი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – სოფო კილაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროგრამა იქმნება ოჯახის გაძლიერებისა და პოზიტიური მშობლობის გერმანული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით. ბერლინის ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნება პოზიტიური მშობლობის პროგრამა და ისინი, ასევე, გადაამზადებენ ქართველ პროფესიონალებს პოზიტიური მშობლობის ტექნიკებზე, მათ შორის, მზრუნველობითი, არაძალადობრივი უნარები, მასში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ასევე, ბოლნისის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.