სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი უკვე წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა გაავრცელა.
სახელმწიფო ბრალდება მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ჯგუფის მიერ.
ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალებს და პროკურატურის მტკიცებულებებს ჯერ არ გასცნობია, მაგრამ თავად ბრალდებულს მიაჩნია, რომ ამ მასალებში ვერ იქნება მისთვის წარდგენილი ბრალის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება.
“წარგვედგინა ბრალდება, გაჟღერდა უკვე დღეს არაერთხელ, რას ედავება პროკურატურა. აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. გვქონდა გარკვეული პოზიცია. დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად, ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისათვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, რადგან პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული, ვისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს. შემდეგ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ სწორი, ზუსტი ჩვენება, ყველა იმ ფაქტზე, რასაც პროკურატურა ედავება”, – განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
მისი თქმით, პირველი წარდგენის სხდომაზე, რომელიც უახლოესი 2 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს, მოითხოვენ მის გათავისუფლებას აღკვეთის ღონისძიების რაიმე ფორმის გამოყენების გარეშე. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, უწყებაში ჯერჯერობით არ აზუსტებენ, მოითხოვენ თუ არა ლილუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.
გრიგოლ ლილუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალი ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქატაძის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეში.
ამავე თემაზე:
· რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია — ადვოკატი




