საანგარიშო პერიოდში სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება სისხლის სამართლის 13 საქმეზე დაიწყო. სისხლის სამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2023 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს აცნობს.
მისი შეფასებით, 2023 წელს საქართველომ კონტრტერორისტული მიმართულებით დადებითი შედეგები აჩვენა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშებსა და რეიტინგებშია აღნიშნული.
„2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგია ის გარემოება, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ანგარიშებსა და რეიტინგებში კვლავ მაღალ შეფასებებს და პოზიციებს ინარჩუნებს.
კერძოდ, ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, დადებითად არის შეფასებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ კონტრტერორისტული მიმართულებით ურყევი ჩართულობა განაგრძო და უსაფრთხოების სფეროში კვლავ აშშ-ს მტკიცე პარტნიორია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა და ამ მხრივ მშვიდი და სტაბილური გარემო არსებობდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, აღკვეთა და მასზე სათანადო რეაგირება შეუძლია.
გარდა ამ ამერიკული შეფასებისა, ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, უაღრესად დადებითად შეაფასა. დოკუმენტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა, ევროკავშირის რეგულაციებთან, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან, სრულ შესაბამისობაშია.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, გლობალური ტერორიზმის ინდექსი, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმების შეფასებისას, საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია დაიკავა, რაც 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტებისა და ტერორიზმის როგორც საფრთხის გავლენის არარსებობას გულისხმობს.
საანგარიშო პერიოდში სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება სისხლის სამართლის 13 საქმეზე დაიწყო. სისხლის სამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო.
2023 წელს სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა რეაგირება 191 შეტყობინებაზე მოახდინა, რის შედეგად ცალკეულ შემთხვევებში ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.