გრიგოლ ლილუაშვილი – ჩვენი სუს-ის მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესოა, კოლეგა უწყებები ევროპიდან ჩამოდიან და რეფორმებს სწავლობენ – თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ

თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ მათ უსაფრთხოების სისტემა, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პარტია „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებას,რომ მათ მიერ შემუშავებული ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ანტიკორუფციულ საქმიანობას ცალკე გამოიტანენ და დამოუკიდებელი, ძლიერი, ერთიანი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება.
ლილუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროპიდან ჩამოდიან იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები შეისწავლონ.
„ძალიან თამამი განცხადებები გაუკეთებია [ლანა გალდავა]. მე ასეთ უსაფრთხოების ექსპერტს, ნამდვილად არ ვიცნობ, რადგან უსაფრთხოების ექსპერტები საქართველოში მოღვაწე თუ ქვეყნის გარეთ არსებული ორგანიზაციები, თუ ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების სისტემით ინტერესდებიან – მათთან გახსნილი კომუნიკაცია და დიალოგი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არც ქალბატონ ლანას და სხვა ე.წ. ექსპერტებს დეპარტამენტების სახელები რომ ჰკითხოთ, ვერ ჩამოგითვლიან, რისგან შედგება ჩვენი სტრუქტურა.
მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენი კოლეგა უწყებები ევროპიდან ჩამოდიან და ამა თუ იმ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს სწავლობენ.
თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ მათ უსაფრთხოების სისტემა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ