გრიგოლ ლილუაშვილი – საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია – 2023 წელს, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო, პასუხისგებაში 72 პირი მიეცა

გასულ წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო, ხოლო ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, ლილუაშვილმა კორუფციის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, გასულ წელს საქართველომ 180 ქვეყანას შორის 53 ქულით 49-ე ადგილი დაიკავა.
„2023 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე და ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კოორდინირებულად განხორციელებული პროაქტიული ქმედებების შედეგად, საქართველო კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.
მოგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს.
ხოლო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 72.7% დაიმსახურა. ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 14 ქვეყანას. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა.
ასევე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს და ევროპის საუკეთესო ათეულშია.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო სამოხელეო დანაშაულის პრევენციის, მათ შორის კორუფციული ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა-აღკვეთის მიმართულებით.
ხაზგასასმელია, რომ სუს-ის მიერ კორუფციის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა.
2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში შესაძლო კორუფციული დანაშაულების თაობაზე მოქალაქეთა მხრიდან შემოსულია 47 შეტყობინება. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, რადგან წლების წინ ეს მაჩვენებელი ნული იყო. 47 შეტყობინებიდან 14-ის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, 12 ქვემდებარეობით გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში, 1 დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, 13 არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ხოლო 7-ზე კვლავ მიმდინარეობს შესწავლის პროცესი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ