რაც შეეხება [მოსახლეობის] გაფრთხილებას, როგორც თქვენ გესმით, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო და სიმართლე გითხრათ, უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო – საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
უფრო კონკრეტულად, თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს, 2008 წლის აგვისტოს ომზე მათ შორის შეკითხვა დაუსვა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რატომ არ გააფრთხილა მოსახლეობა, „რომელიც აღმოჩნდა მახეში“.
„ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული შეტევის შესახებ; 7 აგვისტოს, სად იყო რუსული ტექნიკა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდან იცოდით? თქვენ, ზუსტად გვერდით თუ არა, ერთის გამოტოვებით ხართ ყველა იმ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი უშიშროების სხდომებს მართავს იმ დღეებში. ეს კადრებიდანაც ჩანს. რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? ბატონო გრიგოლ, თქვენ პოზიციაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის და მინისტრის მოადგილის ფუნქცია ვერ იქნება მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ თქვენც კი, სამოქალაქო პირმა, რომლის მთავარი ფუნქცია არის დიპლომატია, იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციალური საფრთხე. რატომ არ გააფრთხილეთ, თუ რატომ არ გააფრთხილეს?“, – მიმართა თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს და ამავდროულად აღნიშნა, რომ დაღუპული მოსახლეობიდან „ხშირ შემთხვევაში არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი – დახვრიტეს!“.
თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის გაფრთხილებასთან დაკავშირებული საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვა.
„თქვენ, 4 აგვისტო ახსენეთ, ქალბატონო თეა. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. თან, იმ კალიბრის იარაღით 82 და 122 არტილერიით, რომელიც კატეგორიულად აკრძალული იყო ყველა შეთანხმებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. როგორც მე თქვენ გითხარით, ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან: მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა დიპლომატიურ ასპექტს ამ უკვე დაწყებული ომის. როდესაც დავხურავთ სხდომას, მე თქვენ ორ დოკუმენტს მოგცემთ ინგლისურად და აგიხსნით, საიდან, რა ვიცოდი.
რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი რამდენჯერმე მე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო. [საბჭოს სხდომაზე] არ მიპასუხეს, რომ განვიხილავთო, საკითხი იყო – საჭიროების შემთხვევაში, განვიხილავთო, მაგრამ მეორე მხრივ, ქალბატონო თეა, არ დაგავიწყდეთ, საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“, – უპასუხა გიორგი ვაშაძემ თეა წულუკიანს.
