გრიგოლ გეგელია EaP-ის ინდექსზე – ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მსახურებაშია და როცა რუსეთის მსახურებაში მყოფი ხელისუფლება გყავს, რა თქმა უნდა, შენი საერთო და საგარეო უსაფრთხოების პრიორიტეტები დავარდება და დავარდა

ამ ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, რეალურად, ასახვა პოვა უკუსვლაში, როგორც დემოკრატიის, ასევე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების კუთხითაც, ეს ანგარიში ძალიან კარგად ასახავს ამას, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით გრიგოლ გეგელია „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსს“ გამოეხმაურა, რომელშიც საერთო ქულებით მოლდოვის და უკრაინის შემდეგ საქართველო მესამე ადგილს იკავებს.
გეგელიას განმარტებით, ხელისუფლების მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ ანგარიში მიკერძოებულია, გაუმართლებელია, რადგან მსოფლიოს ანალიტიკური ორგანიზაციები იყენებენ იმ ობიექტურ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რაც წლების და ათწლეულობის განმავლობაშია დაგეგმილი.
„ამ ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, რეალურად, ასახვა პოვა უკუსვლაში, როგორც დემოკრატიის, ასევე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების კუთხითაც, ეს ანგარიში ძალიან კარგად ასახავს ამას. გუშინ მე სიმწრით მეცინებოდა, როცა ვუყურებდი ხელისუფლების პასუხებს. იმის ნაცვლად, რომ მათ ეთქვათ „კი, ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს, მაგრამ ასევე გვაქვს ბევრი ჩავარდნა“, მათ თქვეს, რომ თურმე ეს ანგარიში მიკერძოებულია, იმიტომ, რომ მიკერძოებულ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნიათ ესა თუ ის მონაცემები. უნდა ვთქვათ, რომ ეს ანალიტიკური ორგანიზაციები არ იყენებენ არცერთი პარტიის ან მხარის მონაცემებს, მსოფლიოს ანალიტიკური ორგანიზაციები იყენებენ იმ ობიექტურ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რაც წლების და ათწლეულობის განმავლობაშია დაგეგმილი“, – განაცხადა გეგელიამ.
რაც შეეხება რეიტინგების სამართლიანობას, გეგელია განმარტავს,რომ მისი აზრით, საქართველო წინ უნდა იყოს ვიდრე და მოლდოვაა.
„მე ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა იყოს წინ, ვიდრე არის უკრაინა და მოლდოვა, მთელი რიგი პარამეტრებით. მეტიც, ჩვენ წინ ვიყავით, მაგრამ ასევე არის ფაქტი, რომ ამ ხელისუფლების მიერ ბოლო 5-6 წელში გატარებული პოლიტიკის შედეგად ჩვენ უკან ვართ, ჩამოვრჩით უკრაინასაც და მოლდოვასაც. საზოგადოებას ემახსოვრება, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც შეფასებული იყო საჯარო სამსახურის რეფორმები და ამ კუთხით ჩვენ კვლავ კარგ პოზიციაზე ვიყავით და ვუსწრებდით ორივე სახელმწიფოს. თუმცა შემდეგ იყო პოლიტიკური მომენტი, როდესაც ჩვენ არ მივიღეთ და მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი. აი, იქ დაიბადა კითხვა – როგორ შეიძლება რეფორმები მეტი გქონდეს, მაგრამ არ მიიღო კანდიდატის სტატუსი? – აქ არის პასუხის თავი და თავი დამარხული, იმიტომ, რომ ერთი არის ტექნოკრატიული მომენტი, ანუ რა რეფორმებს ატარებს საჯარო სამსახური, მეორე არის, თუ როგორია შენი პოლიტიკური მომენტი. ჩვენი პოლიტიკური მომენტი არის „ქართული ოცნება“, არის ის მტრული რიტორიკა დასავლეთისადმი, რაც სახელმწიფოში გაქვს, ჩვენი პოლიტიკური მომენტია ასევე ის, რომ ხელისუფლება ს მსახურებაშია და როცა რუსეთის მსახურებაში მყოფი ხელისუფლება გყავს, რა თქმა უნდა, შენი საერთო და საგარეო უსაფრთხოების პრიორიტეტები დავარდება და დავარდა“, – აღნიშნა გეგელიამ.
გრიგოლ გეგელია, ასევე, გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს და აღნიშნა, რომ „რამდენჯერაც დავინახავთ „ხალხის ძალის“ მორიგ გაუგებარ ტექსტს, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ზის ოთახში შეშინებული და აი, ამ ტექსტებს ფიქრობს.“
„არავითარი „ხალხის ძალა“ არ არსებობს, „ხალხის ძალა“ არის ბიძინა ივანიშვილის სიზმრების და შიშების რუპორი, სხვა არავითარი „ხალხის ძალა“ არ არსებობს. ძალიან მარტივად „ქართულმა ოცნებამ“ გამოყო ერთი რაღაცა დესანტი პოლიტიკოსებისა, სპეციფიკურად იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის კოშმარული შიშები გაეჟღერებინათ. ამიტომ, რამდენჯერაც დავინახავთ „ხალხის ძალის“ მორიგ გაუგებარ ტექსტს, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ზის ოთახში შეშინებული და აი, ამ ტექსტებს ფიქრობს.
„ლელოსი“ რომ ეშინიათ გავიგეთ. ნოემბრიდან მოყოლებული დღეს ვერ ნახავთ, როცა ჩვენს წინააღმდეგ ერთი თუ მეორე ფორმით რაიმე ტიპის თავდასხმა არ მიმდინარეობდეს. განსაკუთრებით ჩვენი ამერიკული ვიზიტის შემდეგ ისინი არიან შეშფოთებული და დაფეთებული. ბოლო დროს, ჩვენი კონსულტანტის სახელი და გვარი გაიგეს და გაიგეს სახელისუფლებო მედია გახარებული დარბოდა, რომ ეს გაიგეს. გეგონებათ, სახელმწიფო საიდუმლო გაჟღერებულიყო. იკითხა ვინმემ? – ეკითხათ და ვეტყოდით ამ სენსაციონალიზმის გარეშე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.