გრიგოლ გეგელია პარტიის საბანკო ანგარიშის დაყადაღებაზე – ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, ამავე დროს, აჩვენებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ივანიშვილსა და ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ მის რეჟიმს, მართლაც ჭირის დღესავით ეშინია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციისა და პოლიტიკური ბრძოლის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისი პარტიის ოფიციალური საბანკო ანგარიშის დაყადაღებას.
გეგელიას თქმითვე, აღნიშნული აჩვენებს იმას, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნეა და მას პოლიტიკური ბრძოლის ეშინია.
„ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, წლების განმავლობაში. ეს ამავე დროს, აჩვენებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე. მათ ეშინიათ ჩვენი ბრძოლის და მათ ეშინიათ პოლიტიკური ბრძოლის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზავნილი იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ფრონტის გამოყენებით და რა ინსტრუმენტების გამოყენებით იქნება ეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ივანიშვილს და ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ მის რეჟიმს, მართლაც ჭირის დღესავით ეშინია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციისა და პოლიტიკური ბრძოლის. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არ გააჩნია შინაგანი პოლიტიკური ენერგია, არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე კონსოლიდირებული ბრძოლა მას, რეალურად, ჩამოშლის“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „ლელოს“ ანგარიშის დაყადაღება „პარტიის გორის ოფისში განხორციელებულ, 130-ლარიან გადარიცხვას უკავშირდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში