ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, არსაიდან არ იქნება გარიცხული. მე პირიქით მინდა, “წავუყენო ბრალი” შალვა პაპუაშვილს, ალეკო ელისაშვილი 40-ლარიან სკამს ასხამდა ნავთს, მაგრამ შალვა პაპუაშვილი და მისი რეჟიმი ასობით ათას ქართველს, მათ შორის, ბავშვებს წამლავდა, ეგ არის ტერორიზმი , – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “თავისუფალი სტუდია” ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, აღიქმება თუ არა შალვა პაპუაშვილის მიერ მიცემული დრო მუქარად, როდესაც მან “ლელო – ძლიერ საქართველოს” ორშაბათამდე მისცა ვადა, ალეკო ელისაშვილი გუნდიდან გაერიცხათ, მით უფრო იმის ფონზე, რომ არსებობს მუხლი ტერორიზმის მფარველობისა და მხარდაჭერის შესახებ, გეგელიამ არ გამორიცხა, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია ელისაშვილის საქმე “ლელოს” წინააღმდეგ დამატებით ბერკეტად გამოიყენოს.
“რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა. ამ ე.წ. სპიკერსა და მის პოლიტიკურ გუნდს სურს ბრალის კოლექტივიზაცია. ეს იყო ალეკო ელისაშვილის ცალკეული, ინდივიდუალური, თავგანწირული აქტი, ეს იყო პროტესტის გამოხატვის მისი ფორმა და ამაზე თავად ალეკომ ისაუბრა.
“ქოცებს” არ სჭირდებათ სამხილი, არ სჭირდებათ საფუძველი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი იდეოლოგია და პრინციპი არ გააჩნიათ.
ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, არსაიდან არ იქნება გარიცხული. იმასაც გულწრფელად ვიტყვი, რომ არასწორი ფორმა აარჩია, მაგრამ ის არის სხვა პარტიის თავმჯდომარე და ის არის კოალიციური პარტნიორი. დედლაინები, ორშაბათამდე გარიცხეთო, თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ არის ნონსენსი. მე პირიქით მინდა “წავუყენო ბრალი” შალვა პაპუაშვილს – ალეკო ელისაშვილი 40-ლარიან სკამს ასხამდა ნავთს, მაგრამ შალვა პაპუაშვილი და მისი რეჟიმი ასობით ათას ქართველს, მათ შორის, ბავშვებს წამლავდა, ტერორიზმი არის ეგ. შალვა პაპუაშვილი არის ტერორიზმების თანამზრახველიც, კორუფციის თანამზრახველიც და ყველა იმ ბრალეულობაში გარეული, რაც რეჟიმს აქვს ჩადენილი”, – განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, პაპუაშვილის შეთავაზებაზე პასუხი უკვე გაცემულია და კიდევ ერთ მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბეტელის შეხვედრის ამსახველი ფოტო მოიყვანა.
“დღეს გავრცელდა ფოტო, სადაც ამ რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ელაპარაკება და ეხვევა “ალდეს” ერთ-ერთ ლიდერს, ამ მომენტისთვის ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს და ამავე დროს რეჟიმი გამოდის და ამბობს, რომ “ალდეს” თავის რიგებში ჰყოლია ტერორისტი და თან ეს “ტერორისტი” არ არის “ალდეს” წევრი და არ არის ”ლელოს” წევრი. თან გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანი უნდა გავრიცხოთ იქიდან, საიდანაც ვერ გავრიცხავთ, რადგან ჩვენი წევრი არ არის, პარტნიორი პარტიის თავმჯდომარეა და თვითონ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა ზის ვენაში და ხან ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს ეპირფერება და ხან მეორეს.
პაპუაშვილს ვეტყვი, რომ პასუხი გაცემულია, ორშაბათი არ გვჭირდება, ბოჭორიშვილმა ქსავიე ბეტელთან, ხვევნა-კოცნისას გასცა პასუხი იმას, არიან თუ არა “ალდეში” ტერორისტები”, – აღნიშნა გეგელიამ.
გეგელიამ ასევე ისაუბრა BBC-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე და განაცხადა, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბური სანქციების საბაბი გახდეს, რადგან აქ საუბარია ადამიანის უფლებათა მსხვილმასშტაბიან დარღვევაზე.
“ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო პანიკას, რაც განსაკუთრებით აქვს კობახიძესა და მის პოლიტიკურ გუნდს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ BBC-ს, საერთაშორისო დონისა და სტანდარტის ავტორიტეტს, ისინი მარტივი, „ქოცური“ პროპაგანდით ვერ მოერევიან. კობახიძე და მისი გუნდი საერთაშორისო დონეზე ეჭვმიტანილი იქნა ტერორიზმში ასობით ათასი მშვიდობიანი ქართველის წინააღმდეგ. ეს არის ერის ძალიან მსხვილი ნაწილის მოწამვლის მცდელობაში პირდაპირი დადანაშაულება. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და როდესაც ამას ამბობს BBC, რომელსაც გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, კობახიძემაც კი იცის, რომ ამას ვერ გაექცევა და ამიტომ ვხედავთ იმ ისტერიულ ფაცი-ფუცს და გამოძიებაზე მუდმივ აპელირებას, რაც ახლა აქვს რეჟიმს მაშინ, როდესაც იგივე კობახიძეს არ გამოუძიებია არცერთი საპოლიციო გადაცდომა, არცერთი დამნაშავე არ არის გამოვლენილი ან დასჯილი.
ეს არათუ მეტი სანქციისა და ახალი სანქციის წინაპირობა გახდება, არამედ აქ სერიოზულ, ძალიან მსხვილმასშტაბიან ადამიანის უფლებათა დარღვევასთან გვაქვს საქმე, როცა ასობით ათას ადამიანს ქიმიურ ნივთიერებას უპირისპირებ, თან მშვიდობიან მოქალაქეებს, ყოველგვარი პროპორციულობისა და გონიერების გარეშე. არცერთი პროპორციულობა და აქციის დაშლის არცერთი გონივრულობა არ ამართლებს ქიმიური ნივთიერების გამოყენებას”, – აღნიშნა გეგელიამ.




